მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ვიზიტორთა 20%-ით ზრდას აფიქსირებს რაჭაში მდებარე საოჯახო ტიპის ტურისტული ობიექტი „კესანე – არ დამივიწყო“. კომპანიის დამფუძნებლის, გვანცა ყრუაშვილის თქმით, სეზონი პოზიტიური ტენდენციით დაიწყო და ტურისტული ნაკადების მატება, განსაკუთრებით უცხოელი ვიზიტორების მხრიდან, დააფიქსირეს.
„სიმართლე გითხრათ, ნაკლებს ველოდით, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ დატვირთვა გაზრდილია. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ წლევანდელი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება,“ – განაცხადა ყრუაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“.
გავრცელებული მონაცემებით, ვიზიტორების წილში ზრდა ძირითადად აშშ-სა და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის. მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია რეგიონის ტრადიციული სამზარეულო, კულტურა და ცხოვრების სტილი.
„კესანე – არ დამივიწყო“ ავთენტური კონცეფციის მქონე საოჯახო ბიზნესია, რომელიც თავიდანვე ადგილობრივ რესურსებზე და „ფერმიდან სუფრამდე“ იდეაზე იყო აგებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტს ამ დროისთვის საკუთარი მეურნეობა არ აქვს, იგი აქტიურად იყენებს ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციას.
„დღესდღეობით 10-ზე მეტ რაჭა-ლეჩხუმელ მეღვინესთან ვთანამშრომლობთ და ვგეგმავთ, ეს სია კიდევ უფრო გავაფართოოთ. გარდა ღვინისა, ვმუშაობთ სხვადასხვა ადგილობრივ მეწარმეებთან, რათა მათი პროდუქცია ფართო აუდიტორიას გავაცნოთ,“ – განმარტავს ყრუაშვილი.
მისი თქმით, სასტუმრო სერვისების მიმართულება ბიზნესისთვის პრიორიტეტულია, თუმცა ამ ეტაპზე შესაბამისი ინვესტიციის საჭიროებიდან გამომდინარე, პროექტის განვითარების პროცესი სამომავლო ეტაპზეა გადატანილი.
ცნობისთვის, სტუმარმასპინძლობის მულტიფუნქციური სივრცე „კესანე – არ დამივიწყო“ 2023 წლის 1 ივლისს გაიხსნა და მომხმარებლებს ადგილობრივი მეწარმეების ღვინოსა და ტრადიციულ ქართულ კერძებს სთავაზობს.