უცხოეთში სამივლინებო დანამატის მიმღებ თანამდებობის პირთა სიას რამდენიმე დაემატა
პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომლითაც “ქართული ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გააუქმებს და მის ფუნქციებს პროკურატურა შეითავსებს.

დაგეგმილი ცვლილებებით, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონი, თავად საგამოძიებო სამსახური, მისი უფროსისა და მოადგილეების თანამდებობა. პროექტში წერია, რომ ამ თანამდებობის პირებისთვის, აგრეთვე სამსახურის თანამშრომლებისთვის განისაზღვრა ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება.

რა იცვლება?

სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც კანონით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს, პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის შემთხვევა, თუ დანაშაული პროკურატურის თანამშრომლის მიერ იქნება ჩადენილი.

კანონპროექტით განისაზღვრა მთავრობის ვალდებულება, უზრუნველყოს სამსახურის ლიკვიდაცია, ასევე განკარგოს მის ბალანსზე რიცხული ქონება და სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაცია.

“ქართული ოცნების” წევრების მიერ მომზადებულ პროექტში წერია, რომ ცვლილებებით საქმეების გამოძიების ეფექტიანობა გაიზრდება.

რატომ უქმდება?

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებებით “აღმოიფხვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება.”

“კონსტიტუციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფო მმართველობის მოდელი კონსტიტუციით ექსკლუზიურად უნდა იყოს მოწესრიგებული. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რაც ქმნის მყარ საფუძველს მის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით”, — წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საგამოძიებო სამსახურის ისტორია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფუნქციონირება 2022 წლის მარტიდან დაიწყო. მისი შექმნის საფუძვლად „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის” ფარგლებში აღებული ვალდებულება დაედო, რომ ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა.

სამსახურის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა და დაფუძნების დღიდან მას კარლო კაციტაძე ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ 10 აპრილს კაციტაძეს დიდმა ბრიტანეთმა სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოუძიებლობის საბაბით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *