დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქვეყნების უმეტესობისთვის დაწესებული ახალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკელმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

პორტალ „აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისადმი სერიოზულ დაინტერესებას ავლენს.

„აქსიოსის“ ცნობით, ამერიკელმა ლიდერმა გამოხატა რწმენა, რომ რუსეთი მზადაა, დადოს შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს. ამასთან, ტრამპის საუბრიდან გამომდინარე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლასთან ახლოსაა.

წყაროები აღნიშნავენ, რომ ევროპელი ლიდერები იყვნენ „გაოცებულები და შოკირებულები“.

პორტალის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ ტრამპი აცნობებდა მათ რუსეთის თანხმობას ცეცხლის შეწყვეტაზე ან აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

გავრცელებული ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ პუტინი დათანხმდა პირდაპირ მოლაპარაკებებს და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ამ სიტყვებს რამდენიმეწამიანი სიჩუმე მოჰყვა. შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინი მანამდეც დათანხმდა მოლაპარაკებებს და პირველი რაუნდი ჩატარდა სტამბოლში გასულ კვირას. წყაროების ცნობით, ამავე საუბრისას ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს შეახსენეს, რომ მოლაპარაკებების დაწყება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით მისი იდეა იყო.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს საუბარი უარყოფითად შეაფასა. ზელენსკის გარდა, ამ საუბარში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ინტერნეტპორტალის წყაროების თქმით, მელონი ჩაერთო საუბარში და დაინტერესდა, „რატომ არ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყებამდე თუნდაც ორი კვირით გამოცხადდეს ზავი?“ იტალიის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მონაწილეობა რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში.

„ვიღაც ხომ უნდა იყოს მსაჯული“, – მოჰყავს „აქსიოსის“ წყაროს მელონის სიტყვები. გავრცელებული ცნობით, მერცი გამოვიდა ინიციატივით, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეხვედრა ჩატარდეს.

საუბრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ იქნება ჩართული ამ მოლაპარაკებებში. მან განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს თავის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებისა და კონფლიქტის დასრულების შესახებ. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ პუტინს სთხოვა, წარმოედგინა „ისეთი ვარიანტი, რომელზეც თანხმობა იქნება შესაძლებელი“ და არა წინადადება, რომელიც „დაუყოვნებლივ იქნება უარყოფილი“, – წერს „აქსიოსი“.

ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების წინა რაუნდებმა არ გამოიღო შედეგი და თუ ტრამპი არ მოახდენს ზეწოლას, პუტინი არ გაინძრევა.

ცნობისთვის, 19 მაისს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გამართეს სატელეფონო საუბარი, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *