„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერს, რომ კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აცხადებს, რომ წაგებაზე მუშაობს, სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნებას, 30 000 ლარის მოცულობის ჯარიმის გამოწერას არჩევს. შესაბამისი პოსტი თამთა მიქელაძემ Facebook-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კომპანიამ 19 მაისის საღამოს განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ იმ პირებთან, რომლებთანაც რეორგანიზაციის პროცესში შრომითი ურთიერთობების გაგრძელება ვერ მოხერხდა საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლებად განიხილებიან.
თამთა მიქელაძე წერს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიები მდიდრდებიან, რაც წაგებიანობის შესახებ კომპანიების განცხადებას ეწინააღმდეგება.
„გუშინ ღამით „ჯორჯიან მანგანეზმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მოლაპარაკება პროტესტში ჩართულ მშრომელებთან წარუმატებლად დასრულდა და ისინი საბოლოოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებად ითვლებიან.
კომპანია ამ გადაწყვეტილებას ამართლებს იმით, რომ წაგებაზე მუშაობს და სჭირდება რეორგანიზაცია.
თუმცა არსებული ინფორმაცია სრულიად საპირისპიროს ცხადყოფს:
„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს უდიდესი მადანმომპოვებელი კომპანიაა, რომელსაც 2006 წლიდან 40-წლიანი ლიცენზია აქვს 16,430 ჰექტარზე.
კანონით კომპანია ვალდებულია წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება, თუმცა საჯაროდ არ აქვეყნებს მას და 30,000 ლარის ჯარიმის გადახდას არჩევს ხოლმე. ამის გამო მისი ფინანსური მდგომარეობის ანალიზი რთულდება.
ფეროშენადნობების ექსპორტი, რომელშიც მანგანუმიც შედის, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო მიმართულებაა – 2012-2023 წლებში, 3.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.
რუსეთში მანგანუმის დიოქსიდის ექსპორტი საქართველოდან 2021 წლიდან ხუთჯერ გაიზარდა – და სავარაუდოდ, ამ პროცესში „ჯორჯიან მანგანეზი“ ფიგურირებს, რადგან ეს ნედლეული მხოლოდ მას აქვს.
კომპანიას ეკუთვნის 12 შვილობილი კომპანია, რომელთაგან უმეტესობა 2019-2020 წლებშია დაფუძნებული – მაშინ, როცა თავად აცხადებენ, რომ ფინანსურად ზარალს განიცდიან.
დაკავშირებული კომპანიები სოლიდურ მოგებას იღებენ. მაგალითად, შპს „მანგანუმ ლოჯისტიკმა“ 5 წელში 51 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღო და ყოველწლიურად ზრდის მას.
კიდევ ერთი, მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე კომპანია – „სტიილ ინთერნეიშენელ ტრეიდინგი“, 6 წელში 2.1 მლრდ ლარის შემოსავალს აფიქსირებს და 288 მლნ ლარის მოგებას.
აქ ჩნდება კითხვა: თუ კომპანია ფართოვდება და მისი შვილობილი კომპანიები მდიდრდებიან, მაშინ როგორ არის შესაძლებელი იმის თქმა, რომ კომპანია წაგებაზე მუშაობს?
ეს ყველაფერი სერიოზულ ეჭვს აჩენს კომპანიის მიერ წაგებიანობის არგუმენტად გამოყენებაზე. აშკარაა, რომ ძალაუფლებრივი, ფინანსური და პოლიტიკური რესურსები ხელს უწყობს მის დაცვას და გაფართოებას“, – წერს თამთა მიქელაძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი ამავე პოსტში „ჯორჯიან მანგანეზისა“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შესაძლო კავშირებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი ძალა კომპანიასთან ერთად ჭიათურაში ძალადობრივ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებენ.
„- კომპანიას 2013-2017 წლებში გარემოზე ზიანის მიყენებისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. თუმცა შემდეგ წლებში ეს ჯარიმები მასშტაბურად ჩამოაწერეს.
– გარემოზე ზიანის მიუხედავად, 2018-2020 წლებში კომპანიას მხოლოდ 950 ლარის ჯარიმა დაეკისრა – რაც რეალურ პასუხისმგებლობასთან სრულიად შეუთავსებელია.
ამასთან ძალიან აშკარაა, “ქართული ოცნების” კავშირები “ჯორჯიან მანგანეზთან”:
- ბოლო წლებში, კომპანიის მფლობელებმა და ხელმძღვანელმა პირებმა “ქართულ ოცნებას” ჯამში 1,085,000 ლარი შესწირეს.
- გიორგი ჭელიძე, კომპანიის რამდენიმე შვილობილი კომპანიის დირექტორი, 2024 წელს პარტიას 40,000 ლარი შესწირა. ის ასევე დაკავშირებულია სახელმწიფო მხარდაჭერით გამდიდრებულ რამდენიმე კომპანიასთან — მისმა კომპანიამ მიიღო:
691,000 ლარი პროგრამიდან “აწარმოე საქართველოში”,
სახელმწიფო შესყიდვები 145,000 ლარის ოდენობით,
35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პირდაპირი პრივატიზაციით.
- ჭელიძე ასევე ფლობს “სტილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანიას”, რომელიც არის მანგანუმისა და ნახშირის გლობალური მოვაჭრე და ფლობს 100%-იან წილს “საქნახშირში”.
- კომპანიის გენერალური დირექტორია მიხაილ სოცკი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, ივანიშვილთან არის დაახლოებული.
- ამავე კომპანიამ 2022 წელს 138 მილიონი ლარი ასესხა ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს”.
ეს ფაქტები მკაფიოდ აჩვენებს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ და “ქართული ოცნება“ ერთობლივად ატარებენ ძალადობრივ ეკონომიკურ პოლიტიკას ჭიათურის და მშრომელების წინააღმდეგ. ისინი არა მხოლოდ აუქმებენ სამუშაო ადგილებს და ართმევენ ადამიანებს შრომის უფლებას და საბაზისო შემოსავალზე წვდომას, არამედ ანგრევენ და ცვლიან ქალაქს და ადგილობრივებს მიგრაციისკენ და დანებებისკენ უბიძგებენ”, – წერს თამთა მიქელაძე.