კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ სწორ გზად მიაჩნია, ახლო პერსპექტივაში მიღწევადი, მეტად რეალისტური მიზნების გარშემო პროტესტის კონსოლიდაცია. ის ასეთ მიზნებს შორის ადგილობრივი არჩევნებისთვის ნორმალური გარემოს შექმნაზე “ქართული ოცნების” იძულებას და ამ არჩევნების მოსაგებად ფართო და კოორდინირებული ოპოზიციური კამპანიის წარმოებას ასახელებს.
“ფორმულა მარტივია – ევროკავშირი და საერთოდ დასავლეთი დაუჭერს მხარს საქართველოს მანამდე, სანამ ხალხი იბრძვის დემოკრატიისთვის.
- როგორ გაიგებს ამას ოცნება? უნდა ჩავახშოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა, რომ ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს არავითარი შანსი აღარ დარჩეს და ევროპამ და ამერიკამ დაიწყონ ფიქრი საქართველოსთან ახალ სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს:
ა) ევროკავშირისთვის გეოსტრატეგიულ სარგებელს და ბ) ქვეყანასთან ეკონომიკურ თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას, ისეთის, როგორსაც ოცნება შესთავაზებს. ამის მაგალითი მათთვის არის ევროკავშირის ურთიერთობა აზერბაიჯანთან და შუა აზიის ქვეყნებთან. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი განვითარების საშიშროება რეალურია, და რისკებიც მაღალი. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო კანდიდატი სახელმწიფოა და ევროკავშირის ურთიერთობის ასეთი შემობრუნება პოლიტიკურად მარტივი არ იქნება. ამას შეიძლება თავად ევროკავშირის დასუსტება მისდამი ნდობა და მსოფლიო მასშტაბით პატივისცემა შეეწიროს.
2. როგორ უნდა გაიგოს ეს განცხადება გაბრაზებულმა ხალხმა? როგორც მოწოდება, რომ საპროტესტო მუხტი არ ჩაქრეს, პირიქით გახდეს მეტად მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული, არ ჩაცხრეს და არ ჩაიკარგოს. შეიძინოს მეტი მოქნილობა, მასში ევროპული სტრუქტურების ჩართვისთვის მეტი სივრცე შემოიტანოს.
დღევანდელი პროტესტი, რომელიც პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებულია და მეტწილად სამოქალაქო წინააღმდეგობის/დაუმორჩილებლობის სახეს ატარებს ვერ უზრუნველყოფს დასავლეთის აქტიურად ჩართვას მასში, გარდა დემოკრატიის დამაზიანებელი პირებისთვის სანქციების დაწესებისა. სწორ გზად მიმაჩნია, ახლო პერსპექტივაში მიღწევადი, მეტად რეალისტური მიზნების გარშემო პროტესტის კონსოლიდაცია, მათ შორის ისეთი მიზნებისა, როგორიცაა ა) ადგილობრივი არჩევნებისთვის ნორმალური გარემოს შექმნაზე ქართული ოცნების იძულება; ბ) ამ არჩევნების მოსაგებად ფართო და კოორდინირებული ოპოზიციური კამპანიის წარმოება.
რა მოთხოვნები შეიძლება თან სდევდეს ასეთ გადაწყვეტილებებს?
1. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; (თუ უნდათ მათივე პრეზიდენტმა შეიწყალოს, მნიშვნელოვანია შედეგი ამ შემთხვევაში)
2. დემოკრატიული თავისუფლებების შემზღუდველი კანონების უკან გაწვევა; თავისთავად, ამ კანონებიდან წარმოშობილი ყველა უსამართლო ჯარიმის, ადმინისტრაციული სასჯელისა თუ სხვა სახის ვალდებულების გაუქმება;
3. საარჩევნო კანონმდებლობის მოწესრიგება და მისთვის დემოკრატიული იერსახის დაბრუნება;
4. პარტიებისთვის ჩამორთმეული სახელმწიფო დაფინანსება აღდგენა, მათთვის ვინც საარჩევნო ბარიერი 2024 წელს გადალახა, მიუხედავად იმისა, ცნეს თუ არა მათ ჩატარებული საპარალამენტო არჩევნები ლეგიტიმურად. ეს აუცილებელია ადგილობრივი საარჩევნო კამპანიის ეფექტურად ჩასატარებლად;
5. ზემოაღნიშნულ საკითხებზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ქართული ოცნების გუნდს შორის მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყება.
6. მოლაპარაკებების პროცესში ევროპული ინსტიტუტების მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ამ მოთხოვნების ადეკვატურად შესრულების პროცესში, ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა უშუამდგომლოს ოცნებას, რომ მის წევრებს (ზოგიერთებს, რომლებსაც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო არ დაუწესდათ) დროებით შეუჩერდეთ სანქციების მოქმედება.
უმნიშვნელოვანესია, რომ მოქალაქეთა პროტესტის ფოკუსი სრულად გამახვილდეს ამ მოთხოვნების შესრულებაზე და საპროტესტო ელექტორატს, პარტიებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის დაფიქსირდეს სრული ერთიანობა. მიმაჩნია, რომ საქართველოს გამარჯვებისკენ მიმავალი ყველა სხვა გზა ბევრად გრძელია და საფრთხეებით სავსე”,- წერს კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში.