ჯივიპი LUOW-ის წევრობაზე ნომინირებული იყო კომპანიის საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში. აღნიშნული მიმართულებებით კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან მაჩვენებლებს მიაღწია, რისი შესაძლებლობაც წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებმა და განხორციელებულმა ინვესტიციებმა შექმნა.
“საქართველოს წყალმომარაგების რეგულირების სისტემა საუკეთესოა იმ 18 ქვეყანასთან შედარებით, სადაც ჩვენ ვოპერირებთ. ჩვენ ამ მოდელს წარმატებული მაგალითის სახით უკვე ვთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნებს, რადგან ეს არის მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტორს გააუმჯობესოს ეფექტიანობა, გაზარდოს ინვესტიცია და მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქვეყანაში კერძო ინვესტიციების ზრდას და სისტემის განვითარებას.” – ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს აზია აფრიკის რეგიონალური დირექტორი.
“Aqualia მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც არაერთ ქვეყანაში და ქალაქში აქვს მოწესრიგებული წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა. საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთვის Aqualia-სთვის გადამწყვეტი იყო ჩვენს ქვეყანაში არსებული ევროპული რეგულაციები, წყალმომარაგების სფეროში არსებული ღია და გამჭვირვალე მარეგულირებელი წესები და ნორმები.
Aqualia-მ ჩვენი რეგულირების ქვეშ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა – გაიზარდა საინვესტიციო პაკეტი და კომპანია ოპერირების ახალ, ევროპულ მოდელზე გადავიდა. მოხარული ვართ, რომ ჯივიპის განვითარების პროცესი საერთაშორისო ასპარეზზეც შესამჩნევი გახდა, რასაც ადასტურებს კომპანიის მიერ მოპოვებული გავლენიანი საერთაშორისო ქსელის წევრობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რეგულაციების ხელშეწყობით მომავალში კიდევ უფრო გააუმჯობსესდება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგება.” – დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.
“მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების (LUOW) წევრობა პირველ რიგში ჩვენ მიერ მიღწეული შედეგების აღიარებას ნიშნავს და ასევე, წყალმომარაგების სფეროში წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ჩვენ ჯივიპიში არაერთი მიმართულებით ვაჩვენეთ პროგრესი, რის შედეგადაც LUOW-ის წევრობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა თბილისის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წყალმომარაგების კომპანიებს, მთავრობებსა და ოპერატორებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში”. – ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ჯივიპიმ LUOW-ის წევრობა მიმდინარე წლის 12-14 მაისს, პარიზში გამართულ გლობალურ წყლის სამიტზე მიიღო. აღნიშნული სამიტი წყლის სექტორში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წამყვანი კომუნალური სერვისების კომპანიებს აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს.