სათესლე ხორბლის სუბსიდირება, საკოორდინაციო შტაბის შექმნა… – რაზე ისაუბრეს მეხორბლეებმა დავით სონღულაშვილთან?
“ქართული ოცნების” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა და მეხორბლე ფერმერებს შეხვდა. უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, დავით სონღულაშვილმა მეხორბლე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება.
„როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მეხორბლე ფერმერებისთვის გაწეული დახმარების მიზანია მწარმოებლებმა მეტი მოსავალი მიიღონ, გაიზარდოს პროდუქტიულობა. საქართველოში ხორბლის სავალდებულო სერტიფიცირება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა ფერმერებს უზრუნველყოფს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია. დავით სონღულაშვილმა ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ფერმერებს ბოლო წლებში პრობლემა არ შეჰქმნიათ. სახელმწიფომ რამდენიმე ათეული კომბაინის შეძენაში თანადაფინანსებით მიიღო მონაწილეობა“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის BM.GE მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ბენიაიძეს დაუკავშირდა, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები სათესლე ხორბლის ხელმისაწვდომობა იყო, რა ნაწილშიც დარგის წარმომადგენლების შეთავაზებისამებრ სათესლე მასალის სუბსიდირების საკითხი განიხილება, ასევე მეხორბლე ფერმერებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან მოახლოებული ალოობის პროცესის სამართავად საკოორდინაციო შტაბის შექმნის აუცილებლობასა და ქარსაფარი ზოლების გაშენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მინისტრი იმით დაინტერესდა, თუ რაში ვხედავდით პრობლემებს და რის გაკეთება შეიძლებოდა მათ გადასაჭრელად. ჩვენი ძირითადი გამოწვევა ხარისხიანი სათესლე მასალაა და მოსავლის ფასის შენარჩუნება, თუ ეს ვერ მოხერხდება, რაც არ უნდა დავთესოთ ჩვენ კანადის მსგავსი ქვეყანა არ ვართ 1 ჰა-ზე 8-10 ტონა ხორბალს ვერ მოვიყვანთ. ჩვენი საშუალო მოსავლიანობა 2.5 ტონაა, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი რეალობაში უნდა დარეგულირდეს.
საუბარი გვქონდა იმაზე რა არის საჭირო მოსავლიანობის გაზრდისთვის – ხარისხიანი თესლი, სწორი ტექნოლოგიები და ფასი. თუ სიმინდს ფერმერი უფრო მოგებით იღებს, ხორბალს რატომ დათესავს.
ქვეყანაში შემოსული სათესლე ხორბლის მხოლოდ 2-3%-ია ხარისხიანი და ამაზე იყო საუბარი, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ეს შეიძლება იყოს თანადაფინანსების მექანიზმი და ოფიციალური კომპანია, რომელიც სათესლე ხორბალს აწარმოებს, ის იყოს ბაზარზე. თუ ხარისხიანი თესლი იქნება და ფასი შენარჩუნდება, მაშინ მეტ ფართობზე დაითესება ხორბალი. სათესლე ხორბლის თანადაფინანსების საკითხი ჩვენ პირველად არ დაგვიყენებია, ამის განხილვა მიდის და საბოლოო პასუხს ველოდებით დააფინანსებენ თუ არა. ზუსტად არ ვიცი რა ნაწილის თანადაფინანსებაში შემოვლენ, რადგან რუსეთიდან და ევროპიდან შემოსული მასალას სხვადასხვა ფასი აქვს. ასევე არის ფერმები, სადაც კარგი ხარისხის სათესლე ხორბალი შემოდის, თუმცა ჩვენს კატალოგებში დარეგისტრირებული არ არის, ამიტომ ამ მასალაზე თანადაფინანსებაში სახელმწიფო ვერ შემოვა.
საკოორდინაციო შტაბის ამუშავებაზე ვისაუბრეთ, რომ ეფექტიანად მოხდეს პროცესის მართვა. სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მოხდეს ინფორმაციის გაცვლა მეწისქვილეებმა და მეცხოველეობის წარმომადგენლებმა რამდენი შეიძინეს და ა.შ. მოსავლის აღების პირველი ორი თვე ჭირს ხოლმე, რადგან ყველას არ აქვს შესანახი ფართები და რომ არ მოხდეს ფერმერების დაჩაგვრა აუცილებელია მხარეებს შორის კოორდინაცია. გასულ წელსაც მუშაობდა საკოორდინაციო შტაბი, თუმცა ეფექტიანი არ იყო.
ქერის მოსავლის აღება ამინდებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 10 ივნისს დაიწყება. ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო შტაბი უკვე შემდგარი იყოს. ვნახოთ, ვის ჩააბარებს მინისტრი ამ საკითხს, წისქვილებიდან იქნება ლევან სილაგავა, ფერმერებიდან – მე, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც ალბათ დაევალებათ თავისი წარმომადგენლის ჩასმა. მოსავლის დაბინავებისას ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მექანიზატორს რამდენიმე ერთეული კომბაინი აქვს და სახელმწიფო ალბათ უფრო მცირე ფერმერებს დაეხმარება მოსავლის აღებაში, რადგან კომბაინებს მცირე ფართობებზე მისვლა არ უღირთ.
ქარსაფარი ზოლების განაშენიანებაზე იყო საუბარი, რომ უნდა დაიწყოს საპილოტო პროექტების გაკეთება“, – ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
BM.GE-მ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა და იკითხა – მუშაობს თუ არა სამინისტრო მათ შორის სათესლე ხორბლის სუბსიდირების საკითხზე, რაზედაც სამინისტროში გვიპასუხეს: „დარგთან ერთად საჭიროებების გამოვლენაზე ვმუშაობთ“.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მარცვლეულის მოსავალი წელს შედარებით მეტი იქნება, რადგან შარშან ნათესი ფართობები შემცირებული იყო, თუმცა ჰექტარზე მოსავლიანობა გაიზარდა. წელს კი ნათესმა ფართობებმა მცირედ მოიმატა და მოსავალსაც კარგი პირი უჩანს. „ამგვარად, წელს შეიძლება 170 000 ტონა ხორბლის მოსავალი ავიღოთ, თუ გარემო პირობებმა ხელი შეგვიწყო.
ფასი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის ფასზე, რომელიც დღეს რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის. თუ შუამავალმა კომპანიებმა ფასი ხელოვნურად არ დააგდეს ვფიქრობთ, 1 კგ ხორბლის ღირებულება 80 თეთრი იქნება“, – აღნიშნა ბენიაიძემ.