როგორც ის Facebook-ზე წერს, თუ მოქალაქე ბუღალტრად მუშაობს უცხოურ ორგანიზაციაში და ხელფასი იქიდან ერიცხება, მაგრამ თან Facebook-ზე მთავრობას აკრიტიკებს, მას შესაძლოა აგენტად რეგისტრაცია მოუწიოს.
“ორი დღეა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენი, დიპლომატებს, ფონდებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს ხვდება და ფარას აღსრულებაზე ისეთი რიხით ესაუბრება, მეფე-მზეს რომ არ დასიზმრებია.
მეო, ფარას ყველაზე გავავრცელებო, საელჩოების თანამშრომლებსაც დავერევიო, ორგანიზაციებს დავაყადაღებო, მოქალაქეებს ძალით დავარეგისტრირებო, აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორასა ძვრას ვუზამო. სხვა უწყებებს (და სასამართლოსაც კი) ბევრს არაფერს დავეკითხებიო. მაგალითად, მედიებს რომ მივადგები, ეს მე გადავწყვეტ, რას აშუქებენ ობიექტურად და რას არა და ვაი იმათი ტყავის ბრალი, ვისაც ავითვალწუნებო.
მეფე მზე რაჟდენის ნაამბობიდან ერთი ცალკე მოსაყოლია: აქამდე ვიცოდით, რომ ფარას გავრცელება მიბმული პირის საქმიანობაზე იქნებოდა, ბატონი რაჟდენი კი ამას პერსონალიებზეც აბამს. მაგალითისთვის, რაჟდენის განმარტებით, თუ მოქალაქე ვებდეველოპერად ან ბუღალტრად მუშაობს უცხოურ ორგანიზაციაში და ხელფასი იქიდან ერიცხება, მაგრამ თან ფეისბუკზე მთავრობას აკრიტიკებს, ის აგენტად შეირაცხება. კანონში ცალსახად წერია, რომ ფარას გავრცელებისთვის პირი ფულს ამ კონკრეტული საქმიანობისთვის (ამ მაგალითში – ფეისბუქზე პოსტში :დ) უნდა იღებდეს. ამერიკაში კი არა, არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი (რუსეთის გარდა), ასეა. მაგრამ რაჟდენ ბატონს ეს არ აინტერესებს – ყველას გააგენტებას აპირებს, ვისაც მთავრობაზე აუგი დასცდება. კი, სწორად გაიგეთ – ეს კაცი აგენტების რეესტრში ჩასმით, ან ხუთწლიანი ციხით ემუქრება აბსოლუტურად ყველას, ვინც სოცმედიაში ხელისუფლების კრიტიკას გადაწყვეტს.
მომილოცავს ყველასთვის, ვისაც ასეთ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება. ხოლო ვისაც ეს არ გვსურს, 31 მაისს, კანონის ძალაში შესვლის დღეს, მგონი მკაფიოდ უნდა დავანახოთ ბატონ რაჟდენს, რამდენად რეალისტური (ან სასაცილოა) მისი დელუზიების რეალობად ქცევა და ქუჩაში კი არა, სოციალურ ქსელებშიც კი მთელი საქართველოს გაჩუმება”, – წერს საბა ბრაჭველი.
“ქართული ოცნების” მიერ აპრილში მიღებული კანონით უცხოურ ძალად ითვლება:
უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია;
ფიზიკური პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ [თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ცხოვრობს საქართველოში];
იურიდიული პირი [თუკი ის არ არის დაფუძნებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად];
საპარტნიორო გაერთიანება, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით, ან რომელსაც საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყანაში აქვს;
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, “ქართული ოცნება” ამ კანონით ცდილობს დაასუსტოს და გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება და მედია. FARA-ს გარდა “ოცნების” პარლამენტმა ასევე ცვლილება შეიტანა “გრანტების შესახებ კანონში” და უცხოელ დონორებს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების გაცემა აუკრძალა.