ქართულ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა და მზაობა, გამოცდილება უზბეკეთის ბაზარზე გაიტანონ – გიორგი პერტაია
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტაშკენტს პირველად ეწვია ქართული ბიზნეს დელეგაცია.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დელეგაციაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ქართულმა წამყვანმა კომპანიამ სხვადასხვა სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, მშენებლობა, ლოგისტიკა, IT, ტურიზმი, ჯანდაცვა, ფინანსური სექტორი და სხვა.
უზბეკეთის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდა 200-მდე კომპანია და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. გაიმართა B2B შეხვედრები, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ უზბეკეთის ბიზნეს წრეებს გააცნო საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები.
დეველოპერული სექტორისთვის უზბეკეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ტაშკენტის სამშენებლო ობიექტებზე და განაშენიანების ზონებში, მოეწყო გასვლითი შეხვედრები, სადაც ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დეველოპერულ შესაძლებლობებს.
დელეგაცია, ასევე, ეწვია ტაშკენტის Tech Park-ს – უზბეკეთის წამყვან ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც სტარტაპებსა და IT კომპანიებს სთავაზობს ინოვაციურ გარემოს.
სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ამბობს, რომ ქართულ ბიზნესს აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე მზაობა, გამოცდილება გაიტანონ უზბეკეთის ბაზარზე.
“ეს არის საქართველოს პირველი ბიზნეს მისია უზბეკეთში. უზბეკეთი საქართველოსთვის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, რომელიც სწრაფად ვითარდება, ჰყავს ახალგაზრდა და მზარდი მოსახლეობა. ქვეყანას აქვს მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო.
ამავე დროს, ქართულ ბიზნესს აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე მზაობა, რომ თავიანთი გამოცდილება გაიტანონ უზბეკეთის ბაზარზე – განახორციელონ ინვესტიციები და გააფართოონ საერთაშორისო პარტნიორობა. სავაჭრო პალატა მომავალშიც გააგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას ახალი შესაძლებლობებით”, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.