“ზურაბ ჯაფარიძის დაკავება იმის ნიშანია, რომ პოლიტიკურ ლიდერებზე პირდაპირი თავდასხმა იწყება”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის” ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ საშუალება გამხდარიყო, პოლიტიკური ლიდერები დაეჭირათ.

“დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე “ოცნებისთვის”, ის რაც მოაწყვეს, ეს პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, პრაქტიკულად არავის შეშვება, გადატანა პატარა დარბაზში, რომ ეს დამთავრებულიყო იმით, რაც ყველამ იცოდა წინასწარ, რომ ზურა ჯაფარიძე გადაეცათ წინასწარ პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო, იმიტომ, რომ არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს. ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანი არის, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე. ერთი მხრივ გვაქვს, რომ საზოგადოებრივი აქტივისტები არიან ციხეში, ახლა შემდეგი ეტაპია, რომ ეს ყველაფერი შეეხოს პოლიტიკურ ლიდერებს.

ეს საგამოძიებო კომისია ამისთვის იყო შექმნილი, რომ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ ის პოლიტიკური ლდიერები, რომლებიც ციხეშ იუნდოდათ რომ ეხილათ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, აღარ იციან, რეპრესიები საითკენ და სადამდე წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეში არის და ამ რეპრესიებს მიმართავს, არის თვითონ განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოტანილი განაჩენი არის გამოტანილი განაჩენი “ქართული ოცნებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზში დააპატიმრეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *