“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სტრატეგია ნათელია. როგორც გიგაური ამბობს, მათი მიზანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა 2025 წლის ოქტომბრის მომავალ ადგილობრივ არჩევნებში, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში, ადგილები უკონკურენტოდ დაიკავონ.

“ეს პროცესი ამ ე.წ. არჩევნებს სრულ ფარსად აქცევს”, – აღნიშნა გიგაურმა.

ის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქტივისტების პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრების ტენდენცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება დაემატა, სრულიად ახალ განზომილებაში გადავიდა.

“2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ არ გადაიხადა მისთვის მანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო. ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ არიან წარმოდგენილი, შეიქმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნები და ამოცანები საქართველოს ეროვნული ინტერესების კუთხით საზოგადოებაში დიდ კითხვის ნიშნებს წარმოშობს”, – განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ სწორედ ამ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა არა მხოლოდ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, არამედ რამდენიმე სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე შეიძლება იქნენ დაპატიმრებული.

ცნობისთვის, “წულუკიანის კომისიაზე” არგამოცხადების გამო, გუშინ ზურა გირჩი ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მსგავს ბრალდებით დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *