ჩემი აზრით, ომის წამოწყების, ამ ავანტიურაში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ სააკაშვილი მიხვდა, მან საზოგადოებაში ნდობა დაკარგა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ნდობა აღედგინა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

გაჩეჩილაძის თქმით, მას ისიც გაუგია, რომ რუსული სამშვიდობოების გენერლისთვის ფული იყო გადახდილი, რომ ცხინვალში შესულიყვნენ და ასე დაებრუნებინათ ცხინვალის რეგიონი.

„ისიც კი გამიგია რუსული სამშვიდობოების გენერალზე ფულიც კი იყო გადახდილი, რომ შესულიყვნენ ცხინვალში, გასულიყვნენ ბოლომდე და ასე დაებრუნებინათ ცხინვალის რეგიონი – ასეც გამიგია, რომ იქ ფულიც იყო გადახდილი, მაგრამ ამის ფაქტები არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩაერთო [სააკაშვილი] ამ უაზრო ავანტიურაში, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა: საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ისევ ღირსეული ნაწილი შერჩა იმ ომს და არც იცოდა, რა გაეკეთებინა“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ძალიან იყო ჩართული, ხოლო მისი, როგორც ოპოზიციის ლიდერის ელჩებთან შეხვედრისას პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ელჩები იყვნენ სააკაშვილის მხარეს.

„ამ ყველაფერში დასავლეთი ძალიან ჩართული იყო. ძალიან ინტენსიური შეხვედრები მქონდა აშშ-ის ელჩთან და სხვადასხვა ელჩთა და პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ და თავიდან ბოლომდე, ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს. არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკო-ს, ლევან თარხნიშვილს, არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინ წააგო ოფიციალურად და სხვათა შორის, ეს იყო ბუშის მოლოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ, რომ იქ არაფორმალური სერიოზული ხიდები იყო რუსეთთან – ესეც მსმენია და იმდროინდელი რუსეთის ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ, დავკარგეთ სოფლების უამრავი რაოდენობა და მივიღეთ ძალიან ბევრი დაჩაგრული დევნილები, ომის წაგებამ ჩვენ მეტი არაფერი მოგვიტანა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წკიპზე ვიყავით.” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *