ერთპარტიული პარლამენტი თავდაცვის კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანაზე მუშაობს. საკანონმდებლო პაკეტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, უწყების მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახური წვევამდელებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული ახალგაზრდები მიიღებენ ანაზღაურებას 30%-იანი დანამატით, ამასთან თუ სტუდენტი თავისი ნებით გამოხატავს სამსახურის გავლის სურვილს, 11-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო დაუფინანსებს სწავლების მთელი საფეხურის ღირებულებას”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რეფორმა 2025 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და მიმდინარეობს წარმატებით, ამ ეტაპისთვის ეროვნული სამხედრო სამსახურის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, 6 და 8-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური 100%-ით შევსებულია.

“აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში მნიშვნელოვანი წილი – 45%-ზე მეტი ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ წვევამდელებზე მოდის”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს, განმარტებითი ბარათის თანახმად, დაგეგმილი ცვლილებების მეტი წილი ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა არის ცალკეული შინაარსობრივი ცვლილებებიც. მათ შორის:

  • საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა, ქვეყნის ინტერესებიდან და თავისი შინაარსიდან გამომდინარე, უნდა ხორციელდებოდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით.
  • თავდაცვის კოდექსის მიღებამდე დამტკიცებული კონტრაქტის ფორმები ფინანსურ პასუხუსმგებლობად ითვალისწინებდა ჯარიმას და პირგასამტეხლოს. პირგასამტეხლოს ოდენობა გამოითვლებოდა ფორმულით – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ჯარიმის 0.02%. შესაბამისად, კონტრაქტის დარღვევის გამო სამსახურიდან გათვისუფლებულ პირებს სასამართლო გადაწყვეტილებებით ეკისრებოდათ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. თავდაცვის კოდექსი კონტრაქტის დარღვევის ფინანსურ პასუხისმგებლობად აღარ ითვალისწინებს პირგასამტეხლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული პირგასამტეხლოს იძულებითი აღსრულების მოთხოვნით სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს ათეულობით საქმე. ამ კატეგორიის პირებიდან ნაწილი გამოთქვამს თავდაცვის ძალებში ხელმეორედ კონტრაქტით მსახურის სურვილს, თუმცა ჯარიმისაგან განსხვავებით, კოდექსი არ ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შეწყვეტის, გადახდის გადავადების, აგრეთვე მისი განაწილვადების ან შემცირების რაიმე რეგულაციას. შესაბამისად, ცვლილებით პირგასამტეხლოზე გავრცელდება დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების შეწყვეტის, გადავადების, მისი განწილვადების, შემცირების, აგრეთვე გადახდისაგან გათავისუფლების წესი.
  • ურთიერთდაქვემდებარების განსაზღვრისა და სამხედრო სამსახურის ორგანიზების მიზნით, მიზანშეწონილია თავდაცვის კოდექსით შესაძლებელი გახდეს „ლეიტენანტის“, „სერჟანტის“ და „უმცროსი სერჟანტის“ სამხედრო წოდებების დროებით მინიჭება, რომელიც გავრცელდება მხოლოდ 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამსახურის ვადის დასრულებამდე. შესაბამისად, 45-ე მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურისათვის დროებითი სამხედრო წოდების მინიჭება დასაშვები იქნება მხოლოდ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, სათანადო ცვლილება შედის 72-ე მუხლში და ემატება მე-11 ნაწილი, რომლის შესაბამისად, დროებითი წოდება მიენიჭება: ა) ლეიტენანტი – თუ ის დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა; ბ) უმცროსი სერჟანტი ან სერჟანტი – თუ ის დაინიშნა სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი.
  • 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნება, ვინაიდან წინააღმდეგობაშია თავდაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან – თუ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, იგი ექვემდებარება ვადამდე გათავისუფლებას, რაც დაუშვებელია, რადგან მსგავსი უფლებით მოქმედი სტუდენტიც კი ვერ სარგებლობს.
  • 43-ე მუხლის ცვლილებით, იზრდება იმ პირთა წრე, ვისაც შეეძლება უმცროსი სერჟანტის წოდების მიღება. აღნიშნული პირებისთვის წოდებრივი სარგოს ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 2398 ლარს, რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ მათზე გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი ჩაირიცხება საპენსიო ფონდში, ხოლო საშემოსავლო 20% სახელმწიფო ბიუჯეტში.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას, გამოძახებას და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევას მუნიციპალიტეტების ორგანოების ნაცვლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სისტემაში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევა ხორციელდება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში, ახალი – ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

ასევე 2025 წლიდან შეიცვალა ამ სამსახურის ვადა და 12 თვის ნაცვლად გახდა:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე; (მაგალითად: საბრძოლო ბაზების დაცვა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა)
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *