საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია წერილებს ავრცელებს, რომელიც “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უცხოელი ლიდერებისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღო.

ამ ეტაპზე, კობახიძემ მისალოცი წერილი მიიღო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლი ციანისგან და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოლჟას ბექტენოვისგან.

გთავაზობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული წერილების შინაარსს.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი:

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად, მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს – კეთილდღეობა“.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი:

“მინდა, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს, ხოლო ორმხრივი თანამშრომლობა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერია. მზად ვარ, თქვენთან ერთად

საერთო ძალისხმევის გასაგრძელებლად, რათა უზრუნველვყოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მყარი წინსვლა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ”.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი:

“კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ყოვლისმომცველი განვითარებისკენ და თავისი კუთვნილი ადგილი უკავია საერთაშორისო ასპარეზზე, ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.

მიმდინარე წლის თებერვალში ყაზახეთში თქვენმა ოფიციალურმა ვიზიტმა ახალი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *