2025 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხონში 325 923 ლარი დაჯდება. შემსყიდველი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.
თავდაპირველად ღონისძიება მესტიაში იყო დაგეგმილი, თუმცა 22 მაისს სვანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო – როდესაც ალპინისტი ნიკო ფალიანი უშბაზე დაიღუპა – ღონისძიების ლოკაციის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შესყიდვა გამარტივებული წესით ხორციელდება, რადგან თარიღამდე მცირე დრო რჩება.
დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის:
- 26 მაისის თაღი და სივრცის ბრენდირება,
- შემეცნებითი და ვირტუალური რეალობის ზონები,
- საგამოფენო და ფოტო კუთხეები,
- ადგილობრივი მეწარმეების დახლები,
- გასტრონომიული სივრცე,
- საბავშვო აქტივობები და სცენური პროგრამა.
ღონისძიების კულმინაცია 17:10 საათზე გაიმართება – იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.