როგორ შეიძლება სკოლის და მასწავლებლის მოტივაციის გაზრდა, უკეთ ასწავლონ – გიორგი მელაძის მოსაზრება

“ჩვენი განათლების სისტემა არ გიქმნის მოტივაციას, როგორც სკოლის დირექტორს, ისე მასწავლებელს, უკეთესად ასწავლო და უკეთეს შედეგებზე გაიყვანო შენი მოსწავლე”, – ამის შესახებ “ნიუტონის თავისუფალი სკოლის” დამფუძნებელი და დირექტორი გადაცემა “რედაქტ2-თან” ინტერვიუში აცხადებს.

გიორგი მელაძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას მოტივაცია იმისთვის, რომ სკოლა დაინტერესებული იყოს მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს მოსწავლეებს.

“გვყავს ბევრი ენთუზიასტი მასწავლებელი, რომლის ცხოვრების კრედოა, რომ უნდოდათ მასწავლებლობა და ამიტომ არიან აქ, მაგრამ სისტემურად თუ ვსაუბრობთ, არაფერი არ არის ისე მოწყობილი, რომ შენ უკეთეს სერვისს სთავაზობ. არაფერი იცვლება, კარგ განათლებას მისცემს სკოლა, თუ არც ისე კარგს ან ცუდს თუ ა.შ შედეგი არ იცვლება. მოსწავლეებიც ბევრია, ადგილი არ გვაქვს, დაფინანსება იგივეა, ხელფასი მაინც იგივეა, საათები იგივეა, არაფერი იცვლება, მოტივატორი სისტემურ დონეზე არ არსებობს, რომ შენ უკეთესი განათლება შესთავაზო მოსწავლეებს, ამიტომ ვართ ინდივიდებამდე დასული.

სამოტივაციო სისტემის ჩამოყალიბებაა საჭირო, რომ შენ გინდოდეს, უკეთესი იყო. მაგალითად, რომ ავიღოთ თანხა, რაც იხარჯება განათლებაზე, ეს რომ გადავიტანოთ ვაუჩერში და მივცეთ მშობლებს, რომლებიც თვითონ აირჩევენ, სადაც მივა ბავშვი, ეს ვაუჩერი იქ გაჰყვება და გარანტირებულად არ ექნებათ დაფინანსებები, იქნება კარგი. შესაბამისად, გაუჩნდებათ მოტივაცია ყველას, რომ მე თუ დავკარგე მოსწავლეები და სხვაგან წავიდნენ, ხელფასს ვეღარ გადავიხდი, ამიტომ რაღაცას გავაკეთებ, რომ ხალხი იყოს კმაყოფილი.

მე არ ვამტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მაგრამ თუ კითხვა არის მაკროდონეზე, რა უნდა ხდებოდეს იმისთვის, რომ უკეთესობა გვქონდეს, მაგალითად შეიძლება ეს, რაზედაც ჩვენ დღეს საუბარი არ გვაქვს და არც წინა წლებში გვქონია”, – აცხადებს მელაძე “რედაქტ2-თან ინტერვიუში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *