ბიზნესის მოფრთხილება საკმარისია?! თუ შეიძლება ოხრად დარჩეს და ჰიბრიდულმა ვირუსმა ისიც შთანთქოს?! – შურღაია
„ჩვენ გვაკლია სიმართლე, სიმამაცე და სიყვარული, ამიტომ ვართ ამ დღეში და ახლა ცუდ დღეში ვართ “ – ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ბიზნესს წრეებს მეტი აქტიურობისკენ და რეალობის გააზრებისკენ მოუწოდებს.
“საქმიან დილაში” სტუმრობისას ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასებისას შურღაია ამბობს, რომ მოქმედება არასაკმარისია, მოქალაქეების დიდი ნაწილი მაყურებლის როლშია გადასული.
„ჩვენ დაბადებულები ვართ მოქმედებისთვის, ყველას ვეტყვი, რომ შიშით, დაბნეულობით ნუ გავიყინებით, გამოდით რუსთაველზე, გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი ან ვითხოვოთ ეს დახმარება. გავბედოთ, რომ ვიყოთ მოთამაშეები და არა მაყურებლები.
დღეს არასაკმარისს ვაკეთებთ, ეს არის შეფასება და არა საყვედური. რეალობის შეფასებას ვთხოვ ყველას. ჩვენ ციცაბო დაღმართზე ვდგავართ და გვაკლია სიმართლე, რომელიც იწყება საკუთარ თავთან საუბრით. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა კარგად იყოს? ბიზნესის მოფრთხილება საკმარისია თუ შეიძლება ოხრად დარჩეს და ამ ჰიბრიდულმა ვირუსმა ისიც შთანთქოს ოღონდ ცოტა მოგვიანებით?
ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლითაც დე ფაქტო ხელისუფლება თავს იწონებს, არის ყალბი და მალე ამის საკმარისს მტკიცებულებას მოვაგროვებ. სინამდვილეში პატრონის გარეშე დარჩენილი ქვეყანა როგორ მდგომარეობაში ვართ პუტინის რუსეთის გასარჩევი იქნება და ამას როგორ აკეთებს კი ვიცით საკუთარ თუ სომხეთის მაგალითზე. უნდა ვიპოვოთ ერთიანობისთვის ნიადაგი და გონიერი ხალხი ჩავაყენოთ თავში. სასიკვდილო სარეცელზე დევს ჩვენი ერი, ვიცლებით სისხლისგან, ხალხი არის დემორალიზებული, გადის ქვეყნიდან.
ევროპა დგება ფეხზე და მგონია, რომ გონს უნდა მოვიდეთ ვისი მეგობრები ვართ. ასეთი მოთხრობა იყო „უსუნო ყვავილი“, რომელსაც გოგონა ვარდებთან დებს და ვარდის სანი ასდის. იგივე მინდა ვთქვა, თუ ვარდებთან დაჯდები ვარდის სუნი აგივა, თუ ნეხვში ჩაჯდები – ნეხვის და ცოტა ნეხვის სუნი მცემს“, – განაცხადა შურღაიამ.