თბილისი ცენტრალის დირექტორი ლევან ყარალაშვილის შეფასებით, “ბიზნესს ქვეყნის წინ სვლაში დიდი როლი შეუტანია, შეაქვს და იმედი მაქვს შეიტანს” – ამის შესახებ მან “საქმის კურსთან” დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ქვეყანამ ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოება და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სამართლიანი წესების დამკვიდრება შეძლო. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდია ამ ნაწილში ცვლილებებია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებულ პროგრესს რისკის ქვეშ აყენებს.

“თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია 34 წლის წინ დაიწყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ქართული ბიზნესის ახლიდან დაბადება. ქვეყანასთან ერთად ბიზნესის ნელ-ნელა ვითარდებოდა, ნელ-ნელა იწევდა წინ და თვისობრივად ერთობლივი პროცესი იყო. ქვეყანა ერთ ნაბიჯს გადადგამდა ბიზნესის დახმარებით და პირიქით, ბიზნესი ვითარდებოდა ქვეყნიდან დახმარებით.

სხვადასხვა ეტაპები გვაქვს გავლილი, ყველას ახსოვს 90-იანი წლები, 2000-იანი წლები, ვარდების რევოლუცია და ნაციონალური მოძრაობის ცვლილება. დღევანდელობამდე მოვედით.

დამოუკიდებლობის დღე ეს არის ღირებულებების, დამოკიდებულებების, საქმის კეთების ერთობლიობა. ქართული ბიზნესი რეალურად ყოველთვის ამ ცვლილებების ავანგარდში იყო. [ბიზნესს] ქვეყნის წინ სვლაში დიდი როლი შეუტანია, შეაქვს და იმედი მაქვს შეიტანს.

ის, რასაც ბოლო წლებია ვუყურებთ, ცვლილებებია, რომელთანაც სამწუხაროდ, ადაპტირება გვიწევს, მაგრამ ჩვენი მაგალითი რომ მოვიყვანო – ჩვენ თითქმის 20 წლის წინ ევროპული კაპიტალით დავიწყეთ საქმე. ვცდილობდით ცივილიზებულ სამყაროს დავახლოვებოდით და დავშორებოდით იმ ძველ საბჭოთა გადმონაშთ ბიზნესის კეთების წესებს. თაობები მიდიოდნენ, სწალობდნენ, ჩამოდიოდნენ და ამ ქვეყანაში ახალ ბიზნესს იწყებდნენ. დღესაც იგივე მეორდება. კითხვა ისმება – დღეს როგორი გარემოა? თითქოს ის პროგრესი, რომელიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გვქონდა, საფრთხის ქვეშ დგება”, – ამბობს თბილისის ცენტრალის დირექტორი ლავნ ყარალაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *