“მეღვინეობამ და სხვა დარგებმა წარმატებების მიღწევა მხოლოდ თავისუფლების დროს შეძლეს“ – ბიტარიშვილი

„ათასწლოვანი ისტორიის მიუხედავად, ქართული ღვინო დამოუკიდებელ საქართველოში განვითარდა“ – ეს განცხადება „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა.

მისი შეფასებით, სწორედ თავისუფალი ქვეყნის პირობებში მოხერხდა ხარისხიანი ღვინის წარმოება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა.

„ჩვენ, ვინც არადამოუკიდებელ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ, თავისუფლების ფასი განსაკუთრებულად ვიცით. ჩვენ ვცხოვრობდით იმ პერიოდში, სადაც კერძო ბიზნესი საერთოდ არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობას ათასწლოვანი ისტორია აქვს, დამოუკიდებელი მარნის არსებობა აკრძალული იყო, მხოლოდ დამოუკიდებლობის შემდეგ შევძელით ეს. შევქმენით განსხვავებული კულტურა, ევროპული ქალაქი გავხდით, ადრე ჭიქა ღვინოზე არავინ არავის ეპატიჟებოდა, დღეს უამრავი ღვინის ბარი, კაფე გაიხსნა, უამრავი მარანი, უამრავი ფესტივალი იმართება… ღვინო აყვარებს და აერთიანებს ერთმანეთს და ეს ყველაფერი სწორედ დამოუკიდებლობამ მოიტანა.

ყველა დარგმა ამ თავისუფლების დროს შეძლო წარმატებების მიღწევა, ამიტომ როგორც მეღვინეობაში, ისე სხვაგან თავისუფლების ფასი გათვითცნობიერებული აქვთ.

მხოლოდ ამ პერიოდში გაიცნო დასავლეთმა ქართული ღვინო, შეიძლება ჯერ ღვინო გაიცნეს და შემდეგ ქვეყანა, რადგან მახსოვს, როცა პირველად ჩავდიოდი გამოფენებზე ვერ ვუხსნიდი რა იყო ეს ქვევრი, ვცდილობდით მიგვემსგავსებინა რაღაცებისთვის და ისე მიგვეტანა სათქმელი, აქედან დაიწყო ყველაფერი. ახლაც ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ცნობადობაა გასაზრდელი, თუმცა შეუდარებლად დიდი პროგრესი გვაქვს. ვფიქრობ, ამ პროგრესში დიდ სიტყვას ახალი თაობა იტყვის, მათ სხვა განათლება, სხვა კულტურა აქვთ. ეს მაიმედებს, რომ მომავალი ჩვენია.

მეღვინეები ვერ ვიქნებით ბედნიერები თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ იქნება, ეს ხელშეუხებელი საკითხია. თუ საქართველო თავის დამოუკიდებლობას დათმობს, ამ შემთხვევაში როგორც დარგებში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში, საუბარი მხოლოდ რეგრესზე შეგვიძლია და არანაირ პროგრესზე“, – განაცხადა ბიტარიშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *