„ხელიდან არ უნდა გამოგვეცალოს ის დამოუკიდებლობა, რომელიც სისხლით და ბრძოლით მოვიპოვეთ“ – დაუშვილი
„საქართველოს ევროპულ გზას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის შანსი, რომლის გამოყენებაც თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა“, – ეს განცხადება ბიზნესმენმა, კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა გააკეთა.
ბიზნესმენმა „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და ამ წლებში ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ჩემთვის ძალიან ემოციურია ეს დღე. ჩვენს თაობას გვხვდა პატივი იმ მოვლენების მომსწრენი ვყოფილიყავით, თუ როგორ მოვიდა ახლანდელი დამოუკიდებლობა. ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო და ახალი ბიზნესს საზოგადოება. ჩვენ ერთად ვისწავლეთ სახელმწიფო სტრუქტურების შექმნაც და ბიზნესის წესებიც. მაშინ ბიზნესის წარმოება პრიმიტიული იყო, ბევრი პრობლემა იყო, არ არსებობდა სახელმწიფო სტრუქტურები, საბაჟო და საგადასახადო სისტემები, დიდი პრობლემები იყო კორუფციის თვალსაზრისით, შემდეგ იყო რეფორმები. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ამ დროის განმავლობაში ბევრი ბიზნესი შეიქმნა, თუმცა გამოწვევები ისევ არის მთელი ქვეყნისთვის იმასთან დაკავშირებით თუ როგორ საზოგადოებაში და ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება, რამდენად აქვს პერსპექტივა ამ ქვეყანაში როგორც ბიზნესის წარმოებას, ისე ცხოვრებას და თვითრეალიზაციას. სერიოზულად უნდა ყურადღების მიქცევა იმას, რომ ხელიდან არ გამოგვეცალოს ის დამოუკიდებლობა, რომელიც ასე სისხლით და ბრძოლით მოვიპოვეთ.
ასეთი საფრთხეები ყოველთვის არსებობდა, ახლაც ასეთ გზაგასაყარზე ვართ. იმისთვის რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადავარჩინოთ, საჭიროა სწრაფი სვლა ევროპისკენ, ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც საქართველო შეუძლია თავი გადაირჩინოს და განვითარდეს შემდეგი ასეული წლები. მთავარი ამოცანაა როგორ მოვახერხებთ დღეს, ასეთ რთულ გარემოში თავის გატანას. ეს არის გზა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სიკეთის მომტანი იქნება. საქართველოს ევროპულ გზას არ აქვს ალტერნატივა, ამ გზას უნდა მივყვეთ და მთელმა საზოგადოებამ ეს უნდა გავიაზროთ. ჩვენ ევროპული ერი ვართ ჩვენი კულტურით და წარსულით. ეს არის შანსი, რომლის გამოყენებაც თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა“, – განაცხადა დაუშვილმა.