ცვლილებები სახელმწიფო უწყებებში – სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, დაზვერვის სამსახური კი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობაში გადადის. ცვლილებებს სესიაზე განიხილავენ.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის ქვემდებარეობაში გადავა. ცვლილებების მიხედვით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.
უმრავლესობის წევრები უწყებების გაერთიანების კანონპროექტს დადებითად აფასებენ.
“ქვეყანა, რომელიც თავისუფალია ტერორიზმის საფრთხეებისგან, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, როგორც ტურიზმისთვის მოსახერხებელი ქვეყანა, ყოველთვის იყო ლიდერთა რიგებში. გაერთიანება ამ სტრუქტურებისა – უსაფრთხოების, საგარეო დაზვერვის, კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტს განაპირობებს ამ მიმართულებებს შორის და კოორდინაცია საგანგებოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ეროვნული უსაფრთხოების დაცვას. ამ სტრუქტურების გაერთიანება კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანს”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.