აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასების 2025 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული გავლენის გაზრდის რისკებს ხედავს – როგორც ამას DIA-ს კავკასიის რეგიონის შეფასებაში ვკითხულობთ, სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, ქვეყანაში რუსული გავლენის გასაზრდელად ხელსაყრელ პირობებს ქვეყნის ხელისუფლება ქმნის.
“რუსეთი თითქმის უეჭველად ისახავს მიზნად, რომ საქართველო თავისი გავლენის ქვეშ დააბრუნოს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ისეთი გარემო შექმნა, რომელშიც რუსეთს ქვეყანაზე გავლენის გაზრდის შესაძლებლობა აქვს”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაზვერვა რუსეთს საფრთხედ კავკასიის რეგიონთან ერთად, ცენტრალურ აზიასა და აფრიკაშიც ხედავს. როგორც შეფასებაში ვკითხულობთ, რუსეთი ცდილობს, მსოფლიოში საკუთარი ძალაუფლება საზღვაო პორტებთან გაფორმებული საბაზისო ან წინასწარ დადასტურებული ხელშეკრულებებით აიმაღლოს.
აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „სისულელე“ უწოდა და ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენების ზრდაზე მიუთითა.