კორეა, აფრიკა, აზერბაიჯანი… – „მუკუზანი ღვინის სარდაფი“ საერთაშორისო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს
მეღვინეობა „მუკუზანი ღვინის სარდაფი“ საერთაშორისო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. როგორც კომპანიის მთავარმა მეღვინემ, ვაკო ქათამაძემ BM.GE-სთან განაცხადა, მათი ღვინოები უკვე იყიდება ევროპასა და აზიის ბაზარზე, კერძოდ იაპონიაში. თუმცა, კომპანია ამაზე არ ჩერდება და ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კორეასთან და აფრიკასთან. ამასთან, რეალიზაციის გაზრდაა დაგეგმილი აშშ-ს ბაზარზეც.
კომპანია ადგილობრივ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. გურჯაანის რაიონში, სოფელ მუკუზანში მდებარე მეღვინეობა 10 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს და რამდენიმე ღვინის ბრენდს : Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot ფლობს.
„როგორც ქვევრის, ასევე კლასიკურ ღვინოებს. ნედლეული ძირითადად ჩვენი გვაქვს, ყურძენს იშვიათად ვიბარებთ. წლიური წარმადობა კი ამ ეტაპზე, 50 000 ბოთლს მოიცავს“, – ამბობს ქათამაძე.
ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია ღვინის ბუტიკებში, ასევე რესტორნებსა და ბარებშია წარმოდგენილი. ექსპორტის მიმართულებით კი, ღვინო გერმანიაში, მათივე საკუთრებაში არსებული საწყობიდან მთელ ევროპას მიეწოდება. საგულისხმოა, რომ კომპანიის სარეალიზაციო წილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე თანაბრად (50/50) ნაწილდება. ადგილობრივად ღვინის ფასები 20-დან 100 ლარამდე მერყეობს, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მათი ღვინის ღირებულება – 12-დან 30 ევრომდეა.
აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა „მუკუზანი ღვინის სარდაფი“ ცოტა ხნის წინ ბაქოს გამოფენაზე (Caspian Agro 2025) იმყოფებოდა, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელი დადებითად აფასებს. ამ გამოფენაზე მიღწეული შეთანხმებების შედეგად, „მუკუზანი ღვინის სარდაფის“ ქართული ღვინო წელს აზერბაიჯანის ბაზარზეც მალე შევა.
“ჩვენ ჩვენი საწყობი გვაქვს გერმანიაში, საიდანაც ევროპა მარაგდება. ევროპის ბაზარი სრულად გვაქვს დაფარული. გარდა ამისა, წარმოდგენილი ვართ აზიის ბაზარზე, იაპონიაში. ამასთან, ცოტა ხნის წინ, გამოფენაზე ვიყავით კორეაში და კორეასთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, გამოფენაზე ვიყავით ბაქოში და დადებითი გამოხმაურების შედეგად, ამ ბაზარზე წლის განმავლობაში შევალთ. ამავე გამოფენაზე, დაინტერესება წამოვიდა აფრიკიდან და აქაც ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გარდა ახალი ბაზრებისა, უკვე არსებულ აშშ-ს ბაზარზე, სადაც ექსპორტი უკვე გაგვაქვს, რეალიზაციის მოცულობების ზრდა გვინდა”, – განმარტავს კომპანიის მთავარი მეღვინე.
ინფორმაციისთვის, მეღვინეობა “მუკუზანი ღვინის სარდაფი” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია 10 ჰა-ზე გაშენებულ ვენახს და რამდენიმე ბრენდს ფლობს, მათ შორის, Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ მეღვინეობამ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა. “მუკუზანი ღვინის სარდაფი” ამ დროისათვის, წელიწადში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს.