გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე „CASPIAN AGRO 2025“ საქართველოდან შვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია შპს “მუკუზანი ღვინის სარდაფი”, რომლის მთავარი მეღვინე, ვაკო ქათამაძე BM.GE-სთან საუბარში ღონისძიებას წარმატებულად აფასებს.
„ბაქოს გამოფენა ძალიან ეფექტური გამოდგა. ძალიან კარგი შედეგებით დავბრუნდით. უახლოეს მომავალში, რამდენიმე თვეში, აზერბაიჯანის ბაზარზე ღვინოს შევიტანთ, სადაც პირდაპირი გაყიდვები განხორციელდება”, – აცხადებს ქათამაძე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საწყის ეტაპზე აზერბაიჯანში სატესტოდ 10,000 ბოთლი ღვინის ექსპორტი იგეგმება. გარდა ამისა, კომპანიის მიმართ ინტერესს იჩენენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც.
მეღვინის თქმით, უკვე არსებობს შეთავაზება აფრიკის ერთ-ერთი ქალაქიდან კონტეინერით ღვინის გატანასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის დეტალები საჯაროდ არ სახელდება. კომპანია აგრეთვე თანამშრომლობას გეგმავს პარტნიორთან, რომელიც მისთვის საერთაშორისო ბაზრების მოძიებაზე იმუშავებს. როგორც ქათამაძე ამბობს, “მუკუზანი ღვინის სარდაფი” ამ სერვისისთვის პარტნიორს გარკვეულ პროცენტს გადაუხდის.
ინფორმაციისთვის, „CASPIAN AGRO 2025“ რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს პოულობენ. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.