„ეს პროცესი კიდევ უფრო გაადვილდება“ – თსსუ-ის რექტორი გრანტების კანონპროექტში ცვლილებებს დადებითად აფასებს
ერასმუს+“-ის და „ჰორიზონტი ევროპას“გრანტებისთვის მთავრობის თანხმობა აღარ იქნება საჭირო — “ოცნება” კანონს ცვლის. კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის დეპუტატები არიან. მათ პარლამენტს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სთხოვეს. ცვლილება მხოლოდ აღნიშნულ პროგრამებს ეხება და არ გავრცელდება სხვა საერთაშორისო ან ადგილობრივ დონორებზე. ინიციატორები განმარტავენ, რომ მიზანი ევროკავშირთან თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს დადებითაც აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნულ დონორულ პროექტებს მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს როგორც სტუდენტებზე, ისე აკადემიურ პერსონალზე. კითხვაზე, რა ბედი ეწევათ სხვა დონორულ პროექტებს და დაფინანსებას, რომლის გაცემაც მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება, ირაკლი ნატროშვილი ამ კუთხით პრობლემებს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ხელოვნურად პროცესის შეფერხებას არ ელის.
“ამ პროექტების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაადვილდება ამ კანონპროექტის მიღებით. არათუ შეაფერხებს, მე მგონია პირიქით, რაღაც ბიუროკრატიული ბარიერები თუ არსებობდა ეგ ბარიერები იხსნება და ბევრად უფრო მარტივი იქნება ამ პროექტების განხორციელება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. განსაკუთრებით იმ უნივერსიტეტებში, სადაც ძალიან კარგად მიმდინარეობს სამეცნიერო საქმიანობა, იგივე ჩვენს უნივერსიტეტში, რომლისთვისაც მედიცინაში მუდმივად სიახლეების ფონზე, როდესაც სულ ახალი ინფორმაცია ჟღერდება და სულ ახალი მიღწევები არის ხშირად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მივიტანოთ ეს ინფორმაცია სტუდენტებამდე და აკადემიურ პერსონალამდე და საბოლოოდ პაციენტისთვის ამ პროექტებში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მე არა მგონია, რომ ვინმემ შექმნას ხელოვნურად ბარიერი პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის. ჩვენი ძირითადი დონორი ამ მიმართულებით იყო რუსთაველის ფონდი, რომელსაც არასდროს პრობლემა არ შეუქმნია, პირიქით ძალიან მოქნილები არიან. როდესაც მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი უნივერსიტეტისგან რუსთაველის ფონდში დაფინანსებაზე შედიოდა, პრობლემა არ შექმნილა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება იმ პროექტების და მიმართულებების მეტად დაფინანსება, რომელიც ყველაზე მეტად პრიორიტეტულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ მგონია, რომ ხელოვნურად ბარიერები არ შეიქმნება და არ შეფერხდება ამ პროექტების განხორციელება და ამ პროექტებში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების და მათ შორის ჩვენი მონაწილეობა,”- ამბობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი.