“გაუგებარია, როგორ შეიძლება უნივერსიტეტში კვლევის, მეცნიერების დაფინანსება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი იყოს”- კოკა თოფურია გრანტების კანონზე
ერასმუს+“-ის და „ჰორიზონტი ევროპას“გრანტებისთვის მთავრობის თანხმობა აღარ იქნება საჭირო – “ოცნება” კანონს ცვლის. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათ პარლამენტს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სთხოვეს. ცვლილება მხოლოდ აღნიშნულ პროგრამებს ეხება და არ გავრცელდება სხვა საერთაშორისო ან ადგილობრივ დონორებზე.
ის რომ კანონპროექტის მოქმედება აღარ გავრცელდება „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემული გრანტებზე განათლების სექტორს შვებას აძლევს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია ამბობს, დიდი რისკის ქვეშ დგება ქვეყანაში სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობა, რომელიც მიზერული სახელმწიფო დაფინანსების ფონზე, დონორული სახსრების გარეშე უბრალოდ განწირულია.
“თავისთავად Horizon Europe და Erasmus+ არ არის ერთადერთი ფონდები, რომლებიც აფინანსებენ საქართველოში განათლებას და მეცნიერებას, სხვა უამრავი ფონდი არის, მეტ ნაკლებად ცნობილი, მაგალითად ერთ-ერთი საერთაშორისო ფონდი აფინანსებს პროექტს, რითაც უნდა გამოგვეკვლია დასავლეთ საქართველოს მდინარეებში ზუთხის პოპულაციის შემცირების მიზეზები, აქ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სუვერენინეტს საფრთხის წინაშე აყენებდა ეს პროექტი? ასეთი ტიპის პროექტები, რომლებიც არ არის უშუალოდ Horizon Europe-ს ან “Erasmus+”-ის მიერ დაფინანსებული პრობლემები ექმნებათ ასეთ პროექტებს. ჩვენ გვიწევს რომ უარი ვთქვათ და მომავალშიც უამრავ სხვა პროექტზე მოგვიწევს უარის თქმა ამ ყველაფრის გამო. გაუგებარია, როგორ შეიძლება უნივერსიტეტში კვლევის და მეცნიერების დაფინანსება რაღაცნაირად საფრთხის შემცველი იყოს ქვეყნის სუვერენინეტისთვის. პირიქით კი, ქვეყანაში სადაც არ არის აკადემიური თავისუფლება და ქვეყანაში, სადაც არ არის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, არ არის განათლება მაღალ დონეზე ეს არის საფრთხის შემცველი გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების განვითარებისთვის,”- ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია.