როგორც ერთ-ერთი კურიერი, ბექა კობრიაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, პროტესტის ძირითადი მიზეზი მათ სფეროში უცხოელების უკონტროლო რაოდენობით დასაქმებაა.
კობრიაშვილი ამბობს, რომ უცხოელი კურიერების მასობრივი დასაქმება ქართულ ბაზარზე ადგილობრივებს სამუშაოს აკარგვინებს. ამასთან, მისივე თქმით, “უკონტროლო დასაქმებამ ანაზღაურების ტარიფებიც მნიშვნელოვნად შეამცირა”.
“ჩვენი მოთხოვნა მთავრობის მიმართ არის ის, რომ ყურადღება გამახვილდეს ბაზარზე ბევრი უცხოელის დასაქმებაზე, რომლებიც ფაქტობრივად სამუშაოს გვაკარგვინებენ. მათი დასაქმებით, კომპანიებმა ტარიფები დასწიეს, რის გამოც ჩვენ სხვა სამუშაო პოზიციების მოძებნა მოგვიწევს“, – აღნიშნა კობრიაშვილმა.
დღეს, სპორტის სასახლესთან შეკრების შემდეგ, კურიერები მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით გადაინაცვლებენ, სადაც წერილობით მოთხოვნებს ჩააბარებენ. აქციის მონაწილეები გეგმავენ, საპროტესტო მსვლელობა თბილისის ქუჩებშიც გააგრძელონ. კურიერები ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების მიღებას და ადგილობრივი მუშახელის ინტერესების დაცვას ითხოვენ.