საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს კონტრაქტორი კომპანია Polatyol & Mapa არ ასრულებს ვალდებულებას და გრიგოლეთი-ქობულეთის გზის დასრულებას მკვეთრად აჭიანურებს. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემაც შეაჩერა, რასაც მათი გაფიცვა მოჰყვა.

საუბარია EIB-ის კრედიტით დაფინანსებულ გრიგოლეთი-ქობულეთის 229-მილიონ ლარიან საგზაო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 14 კილომეტრს შეადგენს. Polatyol & Mapa-სთან კონტრაქტი 2018 წლის დეკემბერში გაფორმდა და მისი მიხედვით სამუშაოები 24 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი უკვე 5-წლიანი ვადაგადაცილებით შენდება.

გზის 11 კმ 2022 და 2023 წლებში გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე არაა დასრულებული საკვანძო 3-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სახიდე გადასასვლელის მშენებლობასაც ითვალისწინებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგამასაც არ გამორციხავს.

“ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV “Polatyol & Mapa”, რომელიც აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზას, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათ შორის, კომპანია არ გასცემს შრომის ანაზღაურებას დასაქმებულებზე. სახელფასო დავალიანების გამო, პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია და დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაკისრებულიც აქვს საჯარიმო სანქციები.

კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება და გადაეცა მოთხოვნა შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ერთი წლის წინ – 2024 წლის 15 მარტს ინფრასტრუქტურის წინა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ამ მონაკვეთზე პროგრესი დაბალი ტემპით მიმდინარეობდა და როგორც კონტრაქტორ კომპანიას, ასევე მის საზედამხედველო კომპანია TEMELSU-KOCKS-ს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ Polatyol & Mapa-მ გზის კიდევ ერთი პროექტი – ბათუმის შემოვლითი მაგისტრალიც მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით ააშენა. 330-მილიონიანი 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტი 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა და ის 4-წლიანი ვადაგადაცილებით, მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის დარჩენილი მონაკვეთის რუკა:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *