31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რაც თამბაქოს მოხმარების მავნე ზეგავლენასა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სარჯველაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად, თამბაქოს კონტროლის მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ახალი ინიციატივები განიხილა.

საუბარი შეეხო, ქვეყანაში ახლად ამოქმედებულ, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციას. აღინიშნა, რომ ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით კი მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ხაზი გაესვა, სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, მსგავსი ტიპის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ თამბაქოსთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა და თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ზრუნვა კვლავაც გრძელდება.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მუშაობის გაძლიერება, მათ შორის განათლებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე და საზოგადოებრივ ჩართულობაზე აქცენტის გაკეთება, რათა მომავალ თაობებს ჰქონდეთ ჯანმრთელი და თამბაქოსგან თავისუფალი გარემო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *