შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის, იგივე “ქართული FARA”-ს ამოქმედებას ეხმიანება. განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ შვედეთი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას უდგას გვერდით დემოკრატიის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
“უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის ახალი აქტი ემატება ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების რიგს, რომლებიც მიზნად საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავენ. შვედეთი მტკიცედ დგას საქართველოს მამაცი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, მათ შთამბეჭდავ ბრძოლაში ადამიანების უფლებებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს სამინისტრო X-ზე.
დღეს, 31 მაისს “ოცნების FARA” ძალაში შევიდა. “ქართული ოცნების” პარლამენტმა “FARA-ს ანალოგ” “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” III მოსმენით მხარი 1 აპრილს დაუჭირა. მისი ამოქმედებისთვის კი 60 დღე იყო გათვალისწინებული.