გიგი გიგიაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოგონილი „დიფ სთეითი“ „მეგობარ აქტს“ და მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება. გიგიაძე ფიქრობს, რომ პროცესები შეუქცევადად გაგრძელდება და ის ადამიანები, ვინც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე და ჩამოშლაზე არიან პასუხისმგებლები, პასუხს აგებენ.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, არასდროს გვქონია ასეთი ვაკუუმი ორმხრივ ურთიერთობებში როგორც ამერიკასთან, ისე ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან. ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, რადგან ეს ქვეყნები იყვნენ საქართველოს ძირითადი მხარდამჭერები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, მათი ძალისხმევით შევძელით დაგვეწყო სახელმწიფოებრიობის მშენებლობა. ის პროცესი რასაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, ცხადია ძალიან უარყოფითი გავლენის მომხდენი იქნება უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაზე.
გაუგებარია ვის აჯერებენ ე.წ. „დიფ სთეითის“ არსებობას. ეს ახალი ტერმინი იმდენად უცხოა საზოგადოებისთვის, ალბათ ჯობია ისევ გლობალური ომის პარტია გამოიყენონ, თორემ ვერ იგებს საზოგადოება რაზეა ლაპარაკი. სინამდვილეში ამ სრული ტყუილის ახსნაა ის რეალობა, რაც შეიქმნა ამერიკაში ბოლო თვეების განმავლობაში, ეს არის „მეგობარი აქტის“ მიღება და შემდეგ სანქცირების პროცესის გაგრძელება. იცით რომ ეს პროცესი დაიძრა, სენატში განიხილავენ და ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოში პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე და ჩამოშლაზე შესაბამისს პასუხს აგებს. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ამ უტოპიურ სიცრუეზე და გამოგონილ ორგანიზაციებზე, ეს რეალობას არ შეცვლის ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ ტყუილებს მიმართავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს”, – განაცხადა გიგიაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ „საქმიანი დილის“ ეთერში საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უწყება მხოლოდ რეჟიმის ინტერესებს ითვალისწინებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკარგული აქვს ფუნქცია, ისინი აღარ ასრულებენ საკუთარ სამუშაოს, მათ არანაირი დავალება აღარ გააჩნიათ, ზედაპირული უწყებაა, რომელიც თავიდან ბოლომდე რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილების მიუღებლობას. ეს უწყება დიდი ხანია აღარ წარმოადგენს იმას, რასაც უნდა ემსახურებოდეს, ის არ არის საგარეო მიზნების გამტანი და რეალურად არც აქვს შეხება არცერთ ძირითად დასავლელ პარტნიორთან,“ – განაცხადა გიგი გიგიაძემ.