“საჯარო რეესტრს აქვს უამრავი დოკუმენტაცია, რომელსაც მოქალაქეების სასარგებლოდ არ იყენებს”- რა ხარვეზებია მიწის რეგისტრაციის პროცესში?

“თბილისში მიწების სისტემური რეგისტრაცია სამი თვით გახანგრძლივდა”, – ამის შესახებ Bm.ge-ს ინფორმაციას საჯარო რეესტრში დაუდასტურეს.

თბილისის მიღმა პროცესების გახანგრძლივებას იურისტები საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის ნაწილშიც ვარაუდობენ (შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადა 2026 წლის 1 იანვარს იწურება). მათი თქმით, რეფორმა ხარვეზების ფონზე მიმდინარეობს.

მათი თქმით, არაკეთილსინდისიერი პირები პროცესით სარგებლობენ და მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც სახელმწიფოს ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდა, მეზობლებთან გარიგების საფუძველზე ირეგისტრირებენ.

ადვოკატი ბონდო ყიფიანი გვიყვება, რომ პროცესში მთავარი პრობლემა არსებული დოკუმენტაციების მოძიებაა, რაც მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების პროცესს დროში წელავს, სახელმწიფო უწყებები კი ხშირ შემთხვევაში მისი შეფასებით მოქალაქეებს ნაკლებად ეხმარებიან. მისი პრაქტიკით, პროცესში მთავარი პრობლემა არსებული მასალების არასისტემური ხასიათია, სახელმწიფოს არ აქვს აღწერილი დოკუმენტაცია, რომელსაც ფლობს, რაც რეფორმას მნიშვნელოვნად აზარალებს.

“ამ ქვეყანაში არსებობდა მიწის სისტემური რეგისტრაციის 1996 წლის რეფორმის დროინდელი, ასევე 2000-იანი წლების რეფორმის დროინდელი მონაცემები, სადაც მართალია დაუზუსტებლად, მაგრამ ინფორმაცია მესაკუთრეების შესახებ არსებობს. თუ საჯარო რეესტრის სურვილია, რომ მესაკუთრე დაადგინოს და მესაკუთრეს აქვს ხარვეზიანი დოკუმენტი, საჯარო რეესტრს ხომ შეუძლია ამ დოკუმენტთან ერთად გამოიყენოს თავის ხელთარსებული მონაცემები და გადაწყვეტილება მიიღოს ამის საფუძველზე?! ყოველ ჯერზე, როცა საჯარო რეესტრს შეუძლია საქმე აღასრულოს თვითონ, ადამიანებს უშვებს სასამართლოში.

არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე მოცემულობაში კერძო სექტორი ეძებდეს რაღაც მასალას და იგივე მასალას ვერ პოულობდეს სახელმწიფო. ამ დროს ან ხარვეზი გაქვს, ან არასათანადო კადრები გყავს, რომლებიც ვერ ახერხებენ ამის მოძიებას ან უბრალოდ არ გინდა ამის მოძიება. ამის გარდა დამატებით, თვითონ საჯარო რეესტრს აქვს უამრავი მასალა, რომელიც არ აქვს სისტემატიზებული და ამას არ იყენებს მოქალაქეების სასარგებლოდ. იგივე არის ყვითელ ფენებში არსებული ინფორმაცია. რაც გულისხმობს ჩანაწერებს, რომლებიც 90-იანი წლებიდან გროვდებოდა და საჯარო რეესტრს აქვს შენახული სახელობითი მონაცემები,”- ამბობს ადვოკატი ბონდო ყიფიანი.

როგორც ცნობილია, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა პირველ ეტაპზე 3 წლიანი ვადით დაიწყო და ამ დროში 1 200 000 ჰა-ს აზომვასა და რეგისტრაცია იგეგმებოდა. 2024 წლის ბოლოს დასრულების ნაცვლად პროექტი მთავრობის დადგენილებით გაგრძელდა და მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, პროექტის დაწყებიდან დღემდე 1 844 634-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აიზომა, ხოლო საკუთრების უფლება 1 294 968 -ზე მეტ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესს, იგი 2023 წელს დაიწყო და წესით ბოლოს დადგენილი ვადით 2025 წლის 1 ივნისს უნდა დასრულებულიყო, რეფორმა თბილისის მერიის მიერ წინასწარ შერჩეულ 12 არეალზე მიწების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *