“აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნება”, — ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ბადრა გუნბამ განაცხადა, მაგრამ ობიექტის გახსნის თარიღი არ დაუკონკრეტებია. ინფორმაციას abkhazeti.info ავრცელებს. მისი თქმით, ობიექტი ოჩამჩირესთან ახლოს აშენდება, სადაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის საპატრულო გემებია განთავსებული. “საზღვაო ბაზის შექმნა, როგორც ასეთი, არ არის დაგეგმილი, მაგრამ დაგეგმილია ოჩამჩირის რაიონში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნა სპეციალურად შავი ზღვის ფლოტისთვის”, — აღნიშნა მან. 2017 წლიდან ოჩამჩირეში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის საპატრულო ფლოტია განთავსებული. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს მე-7 რუსული სამხედრო ბაზა. კავკასიის საინვესტიციო ფორუმის მიმდინარეობისას, არაღიარებული სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ ეს ობიექტები ხელს უწყობს “მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას აფხაზეთის ტერიტორიაზე”. 2023 წელს რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის საზღვაო ფლოტისთვის მუდმივი ბაზის შექმნის შესახებ. საბჭოთა კავშირის დროს ოჩამჩირეში საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის ობიექტები იყო განთავსებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *