ჩვენ ვაინიცირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალურ პროგრამას, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვინდა, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. შესაბამისად, ვაანონსებთ ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მასობრივი, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას, ასევე ბავშვთა სპორტის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პროგრამის მიზანია, საჯარო სკოლებთან არსებული სპორტული მოედნების და სხვა საჯარო მიწის ნაკვეთების რეაბილიტაცია. ინვესტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ იჯარით სპორტული ობიექტები და მოედნები 20 წლის ვადით, თუ საკუთარ თავზე აიღებენ მათ რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის მოწყობას. პირველი 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ იჯარის საფასურს, ხოლო შემდეგი 10 წლის განმავლობაში – საბაზრო ღირებულების შესაბამისად.

მისი თქმით, ამ პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს შეუძლია, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტის წარმოდგენას და საბანკო გარანტიას.

„მოთხოვნა ძალიან დიდია ბავშვებში, განსაკუთრებით ფეხბურთის კუთხით არის ძალიან დიდი ინტერესი და მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას. ჩვენ ვხარჯავთ სახელმწიფო რესურსებს ასეთი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ინვესტორები წავახალისოთ, რომ თავად დახარჯონ საკუთარი რესურსები და ამით შეგვიძლია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფრასტუქტურის განვითარებას, ბავშვთა სპორტის წახალისებას არამარტო ფეხბურთის სფეროში, რაგბი, სხვა მიმართულებითაც შეიძლება დაიტვირთოს ეს სივრცეები. ვფიქრობ, ეს იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. უახლოეს დღეებში დაანონსდება ეს პროგრამა და ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს შეეძლება მასში მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, საქართველო ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით. გვაქვს შესაბამისი ტალანტი და ვფიქრობ, რომ ამის მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია. ეს მასობრივი პროგრამა, რომელსაც გთავაზობთ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *