“ქართულ ოცნებას” “მაუწყებლობის შესახებ” კანონში მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მეშვეობით ბანკებისგან და მიკრობანკედებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ადგენს გარკვეულ აკრძალვებს ტელევიზიების/რადიოების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება. კანონის ამ ჩანაწერის აღსრულებაზე პასუხისმგებელი კომუნიკაციების კომისიაა.

განმარტებით ბარათში წერია, რომ იმისთვის, რომ მიღწეულ იქნეს კანონის მიზანი და მოხდეს კანონის აღსრულება, საჭიროა აღსრულების სათანადო მექანიზმები არსებობდეს. ამიტომ “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კომისიას საშუალებას მისცემს მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მესამე პირისგან – საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია ტელევიზიების/რადიოების მიღებული შემოსავლების შესახებ.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოქმედი სანქციები – გაფრთხილება, ფინანსური სანქცია – ჯარიმა და ავტორიზაციის შეჩერება, ვერ უზრუნველყოფს დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებული წესების ეფექტიან აღსრულებას, რამდენადაც კომისიას არ გააჩნია ქმედითი მექანიზმი მაუწყებლების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაფინანსების შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება.

“კანონით გათვალისწინებული სანქციები მათი „იერარქიულობის“ გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება ეფექტიან მექანიზმად ისეთი მაღალი, ლეგიტიმური საჯარო ინტერესის მქონე დანაწესის აღსრულების მექანიზმად, რომელიც მიზნად სხვადასხვა ჯგუფების არამართლზომიერი გავლენებისგან საზოგადოების დაცვას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება სანქციის კიდევ ერთ სახეს – ავტორიზაციის შეჩერებას, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დარღვევის ერთი წლის განმავლობაში მესამედ ჩადენის/აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. ამასთან გასაჩივრების შემთხვევაში როგორც ავტორიზაციის შეჩერების შესახებ, ასევე 5000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში კომისიის აქტის მოქმედება ავტომატურად ჩერდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაუწყებლისთვის ავტორიზაციის შეჩერება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც იწვევს საზოგადოებისთვის ინფორმაციის წვდომაზე ერთგვარი ბარიერის დაწესებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კანონის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მესამე პირისგან – საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მაუწყებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ”, – წერია განმარტებით ბარათში.

ცვლილებების შემდეგ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

მიმდინარე წლის დასაწყისში “ქართულმა ოცნებამ” მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებით თვითრეგულირებული სფერო რეგულირებაში გადაიტანა, რაც ნიშნავს, რომ კანონით გაკონტროლდება მედიის როგორც კონტენტი ისე ფინანსები.

მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას. თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების კომისიას.

სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში – ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.

“ქართულმა ოცნებამ” ასევე აკრძალა უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამის მიღება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *