მან საქართველოზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეპრესიულ კანონებთან ერთად, საგულისხმოა დეზინფორმაციის კამპანიაც.
“ვხედავთ დეზინფორმაციას ევროკავშირის წინააღმდეგ და ჩვენი ელჩი ყოველდღიურად იღებს დეზინფორმაციის შეტევებს, რაც სრულიად მიუღებელია. ეს საქართველოს ევროპულ გზას კიდევ უფრო აშორებს და ამჟამად, ხელახალი ჩართულობის მცირე სივრცეა დარჩენილი. საქართველოს ხელისუფლებას შევთავაზეთ ჩვენთან დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომ ჩვენი წუხილები განგვეხილა, თუმცა არ მიგვიღია მათგან პასუხი აქამდე”,- აღნიშნა მან.
მან დასძინა, რომ გზავნილი ნათელია: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაშინება და ძალადობა, შეაჩეროს რეპრესიული კანონები და ჩაერთოს დიალოგში ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან.
მისი თქმით, უკვე გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, რაც მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას, პირდაპირი კონტაქტის შეწყვეტას, დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოიცავდა, არის სხვა ზომებიც, მათ შორის ვიზის შეჩერების მექანიზმი, სანქციებზე კი განხილვები გრძელდება.
ჟულიენ ბურტემბურგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.