“ბირჟა გახსნისთვის მზადაა, თუ სხვა გარე ფაქტორებმა არ იმოქმედა, მთავრობა ალბათ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს” – დავით ნარმანია
ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს. 2025 1 ივლისიდან კი ბაზრის კონცეფციის მიხედვით, საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ენერგეტიკული ბირჟა ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს გამოჩნდა, რომ მომხმარებლებმა ბირჟა ელექტროენერგიის ყიდვის შედეგად გარკვეული თანხები დაზოგეს. ნარმანიას თქმით, ბირჟის პლატფორმაზე ვაჭრობა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, რაც იმის საფუძველს იძლევა , რომ 1 ივლისიდან ბირჟა სრული დატვირთვით ამუშავდეს, თუმცა მისი თქმით, გადაწყვეტილება ამ ნაწილში მთავრობის მისაღებია.
“ბირჟა ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს. ბირჟაზე რამდენიმე მიმწოდებელი და მომხმარებელი დარეგისტრირდა და როცა ქვეყანაში ენერგია იყო, მაგალითად წინა წლის დეკემბერი, ასევე ამ წლის გაზაფხულიდან, როცა გვაქვს წყალუხვობა და ჰესებს შეუძლიათ ენერგია გამოიმუშაონ/გაყიდონ ბირჟაზე საკმაოდ აქტიური იყო ვაჭრობა. შესაბამისად, დავინახეთ რომ მომხმარებლებმა გარკვეული თანხები დაზოგეს ბირჟაზე ენერგიის ყიდვის შედეგად და საკუთრივ ბირჟის პლატფორმა და ოპერაციები, უწყვეტ რეჟიმში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბირჟა მზად არის გახსნისთვის.
თუ რაიმე გარე სხვა ფაქტორებმა არ იმოქმედა, ალბათ მიიღებს მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს მთავრობის პრეროგატივაა და უნდა დაველოდოთ მათ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,” – ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.