„ასეთი სასამართლოები საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად მოქმედებს“ – რევაზ ვაშაკიძე „რძის სკანდალზე“

საბრძოლველად ვარ განწყობილი – ეს კომენტარი „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

საქმე ის არის, რომ „ჩირინამ“ სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც. „ყვარლის ბაგა“ „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

პროცესის დაწყებამდე რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს ამგვარი არასამართლიანი გადაწყვეტილებები ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად მოქმედებს.

სააპელაციო სასამართლომ დღეს მხარეებს მოუსმინა. ამ დროისთვის სხდომა დასრულებულია და შემდეგი პროცესი 18 ივნისს 16:00 საათზე ჩაინიშნა.

„საბრძოლველად ვარ განწყობილი. კომპანია „ჩირინას“ არ დაურღვევია არც საქართველოს კანონმდებლობა და არც კომპანიის ხელშეკრულება „ყვარლის ბაგასთან“. მე დადებითად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, სააპელაციო სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ეს შემთხვევა, რომელსაც ახლა ჩვენ ვიხილავთ, არ მგონია საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახოს, რადგან ამ უსამართლო გადაწყვეტილებას ყველა ინვესტორი უყურებს. მათ შორის ჩვენს კომპანიას თუ ავიღებთ, ჩვენ ინვესტიციების გაზრდის გეგმა გვქონდა, მაგრამ დავფიქრდით და შეიძლება არ განვახორციელოთ, იქიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სააპელაციო სასამართლო. ჩვენ რომ გვქონდეს მონაცემები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ, ან მორალური ვალდებულება გვაქვს და ჩვენ იმ კომპანიას ვურჩიეთ ეს ნაკელი საჭმელად გამოეყენბინა, მე თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი და ეს სასამართლოები არ იქნებოდა. ასეთი სასამართლოების ჩატარება საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად მოქმედებს“, – განუცხადა „ჩირინას“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებს.

ადვოკატმა გიორგი გეწაძემ კი აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არამხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ საშიში პრეცედენტია.

„გასაჩივრებული გვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც „ჩირინას“ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 4.7 მლნ ლარის ოდენობით, ისეთ პირობებში, როდესაც ამ კომპანიას არ დაურღვევია „ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული არც ხელშეკრულება და არც კანონის ნორმა, ამიტომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ.

მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არამხოლოდ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არამედ ის საშიში პრეცედენტია, რომლითაც ნებისმიერ ბიზნესოპერატორს შარი მოსდოს სხვას ისე რომ არაფერი ჰქონდეს დარღვეული და სასამართლოს მეშვეობით გამოსძალოს თანხა. სააპელაციო სასამართლოს ობიექტურობის იმედი გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გეწაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა” თავად იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. მათი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ,,სანტემ“ აღმოაჩინა შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *