IT სფეროში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის ნებართვის მიღებას შეძლებენ – „ოცნების“ დეპუტატები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.

კანონპროექტი, რომელიც გუშინ პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა დაარეგისტრირეს საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის შემოღებას გულისხმობს. იგი პირველად 3 წლის ვადით გაიცემა, შემდეგ კი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება 3 წლის ვადით გაგრძელდეს, არაუმეტეს 12 წლამდე.

ინიციატივას დადებითად აფასებს ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თორნიკე სულაბერიძე. მისი თქმით, სექტორის შენელების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ აიტი ნებართვების არ არსებობა იყო, რაც საქართველოს უცხოელი კადრებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ ნებართვის შემოღება საკმარისი არ არის და ამას სჭირდება მარკეტინგული კამპანია, რომ სიახლემ შესაბამის ფოკუს ჯგუფებამდე მიაღწიოს.

“პიკური წლის შემდეგ IT სექტორში კლება შეინიშნება, თუმცა ეს განახლებული რეფორმა – IT ბინადრობას ვგულისხმობ, საშუალებას მაძლევს ვთქვა, რომ შესაძლებელია სექტორი ნელ-ნელა თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდეს. ეს მას შემდეგ, თუ არ იქნება მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე და გარდა აღსრულებისა, თან თუ იქნება მარკეტინგული კამპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიურ ჰაბს. ამის შედეგადაც ჩვენ უფრო მეტ ადამიანს და კომპანიას მოვიზიდავთ საქართველოში, რომ განახორციელონ ინვესტიცია და გახსნან ოფისები. ეს სექტორს კიდევ უფრო გაზრდის. თუ ამ IT ბინადრობის და შეღავათების განხორციელების შედეგად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც გაიხსნება ეს იქნება ერთიანი, დიდი სტრატეგიის ნაწილი, რის შედეგადაც საქართველოს მართლად შეეძლება, რომ დაიმკვიდროს ტექნოლოგიურ რუკაზე თავისი თავი,”-ამბობს ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თორნიკე სულაბერიძე.

ცნობისთვის, IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 2024 წელს 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია. რეკორდული 784 მილიონი დოლარის შემოსავალი სექტორმა 2023 წელს მიიღო, თუმცა მას შემდეგ დარგში შემცირებაა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საშუალო ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში 4069 ლარი იყო, რაც 2023 წელთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *