ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. მას 55 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 14-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 4-მა — თავი შეიკავა. ანგარიში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევჩიენემ მოამზადა. ანგარიშში ევროპარლამენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობრივი ხერხებით პროტესტის ჩახშობისგან და გააუქმოს ის რეპრესიული კანონები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ამასთან ერთად, ანგარიშში წერია, რომ მმართველმა გუნდმა უნდა “გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მე-2 მუხლში გათვალისწინებულ დემოკრატიულ პრინციპებს — წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობა და მინიჭებული პრივილეგიები შეუჩერდებათ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ აშკარად “ავტორიტარული მმართველობისკენ გადაუხვია”. მათი თქმით, ამ არადემოკრატიულმა არჩევნებმა ქართული ოცნებას საშუალება მისცა, “უკანონოდ დაჰპატრონებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპრესიული კანონმდებლობა გაეტარებინა და პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს დასხმოდა. რასა იუკნევიჩიენეს მომზადებულ ანგარიშში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. ანგარიშში ასევე ნახსენებია “დე ფაქტო პრეზიდენტი” და სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებენ. “ანგარიში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ [საქართველოში] ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს პოლიტიკური კურსში რეალური ცვლილება არ მოხდება. [ანგარიში] მოუწოდებს ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, დაწყებული ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას განაგრძონ,” — წერია ანგარიშში. ევროპარლამენტარები საქართველოში, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის პირობებში, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და მოუწოდებენ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ პერსონალური და კოორდინირებული სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და რეჟიმის მხარდამჭერებს, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლისთვის არიან პასუხისმგებელნი. “მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებული ფორმით, შემოიღონ პერსონალური სანქციები იმ ძირითად პოლიტიკურ ლიდერებზე, სახელმწიფო მოხელეებზე და რეჟიმის მხარდამჭერებზე ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. მიესალმება ლიტვის, ესტონეთის, ლატვიის, ჩეხეთისა და გერმანიის მიერ ორმხრივი სანქციების დაწესებას” — ვკითხულობთ ანგარიშში. ასევე, არსებული რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები მოითხოვენ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებელ გადახედვას საქართველოს მიმართ და ევროკომისიას მოუწოდებენ, გადაამოწმოს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება. “ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ქართული ოცნების რუსეთთან თანამშრომლობის და დაახლოების გამო — მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას. ანგარიში ასევე გმობს ქართული ოცნების მიერ რუსეთის დეზინფორმაციისა და მანიპულაციის გავრცელებას” — ვკითხულობთ ანგარიშში. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქართულ ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გამოხატოს ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მხარდასაჭერად — ისე, როგორც ეს უკვე გამოჩნდა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მშვიდობიან აქციებზე. ანგარიშში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მედიის ამჟამინდელი შეზღუდული გარემოსა და ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო, სადაც ისინი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას განიხილავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *