BYD-ის მარკის ავტომობილს, რომლის ელექტრონულ რუკაზეც ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამაჩაბლო – საქართველოს საზღვრებს შორის არ არის გამოხატული, Solar Auto-სთან კავშირი არ აქვს.

როგორც კომპანიამ BMG-სთან განაცხადა, BYD-ის ავტომობილებში, რომელთა იმპორტსაც Solar Auto ახორციელებს, ელექტრონული რუკის განსხვავებული აპლიკაციაა ჩატვირთული, რომლებზეც არც ერთი ქვეყნის ტერიტორიული საზღვრები გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, კომპანიის განცხადებით, ელექტრონული რუკა, რომელზეც აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს საზღვრებში არ არის მოქცეული, ავტომობილში დამოუკიდებლად უნდა იყოს ჩატვირთული.

“სავარაუდოდ რუკა თვითნებურადაა ჩაწერილი, ჩვენი ავტომობილი არ არის, მსგავს რუკებს არ ვწერთ, რომლებზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. BYD-ის ავტომობილებში რა რუკაც არის ჩაწერილი, საქართველო სრულად არის წარმოჩენილი, მხოლოდ ჩინეთის საზღვრებია გამოყოფილი”, – უთხრეს BMG-ს Solar Auto-ში.

საქმე ისაა, რომ ორი დღის წინ სოციალურ ქსელებში, TikTok პლატფორმაზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ BYD-ის ავტომობილში ჩატვირთულ ნავიგაციის სისტემაში აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოსგან გამოყოფილია.

BYD-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია Solarauto-ა, რომლის გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ იმპორტირებული ავტომობილებში Solar Auto თავად წერს ფუნქციურ რუკას, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დარღვეული არ არის:

“რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებ BYD-ის ბრენდის ავტომობილს, რომლის ელექტრონულ რუკაზე საქართველო გამოხატულია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, არავითარი კავშირი არ გააჩნია Solar Auto-სთან. ჩვენ მიერ იმპორტირებულ ელექტრომანქანებზე არსებულ ქარხნულ ელექტრონულ რუკაზე არც ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ტერიტორიული საზღვრები არ არის გამოყოფილი, გარდა ჩინეთისა.

ამასთან, ქარხნული ელექტრონული რუკა ფუნქციონირებს მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიის ფარგლებში, ამდენად, ჩვენს მომხმარებლებს, რომელთაც სურთ შეძენილ ელექტრომანქანაზე გამართული ელექტრონული რუკა, ჩვენ ვუწევთ მომსახურებას და მათი დაკვეთის შესაბამისად, ვაინსტალირებთ მხოლოდ ისეთ რუკებს, რომელიც არ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას (მაგ. Google Maps)” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის თანახმად: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის დამზადება, რეალიზება და გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *