როგორც ცნობილია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC) ხსენებულ კანონში შეტანილი ცვლილებების ექსპერტიზისთვის გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმდინარე წლის 25 თებერვალს მიმართა, მისი განხილვა კი ჟენევაში დღეს 6 ივნისს არის ჩანიშნული.
ირაკლი პეტრიაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომლის გამოყენებაც ILO-ს კანონის შესაცვლელად მთავრობაზე ზემოქმედებისთვის შეუძლია.
„შრომის კანონმდებლობასთან, შრომით ინსტიტუტების შექმნასთან, შრომის უსაფრთხოებასთან თუ საჯარო მოხელეთა კანონის მხრივ ბოლო წლებში მნიშვნელოვანწილად დავუახლოვდით საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა დღეს გვაქვს არათუ ნაბიჯი, არამედ ნახტომი უკან.
პროფკავშირებს ამ კუთხით სარჩელი აქვს შეტანილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ნორმების კომიტეტში. ჩვენ ვაყენებთ საკითხს 98-ე კონვენციასთან დაკავშირებით. ანუ ქვეყანას ეს რატიფიცირებული აქვს, კანონმდებლობებიც ამ რატიფიცირებული კონვენციებით უნდა იყოს, ხოლო რაც ჯერ არ გვაქვს, იმას პატივი უნდა ვცეთ, როგორც ILO-ს წევრმა. დღეს კი იმდენად აშკარაა ეს შეუსაბამობა, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს მისი შედეგების და პროგრესის. განხილვა იგეგმება 6 ივნისს ჟენევაში.
ჩვენ მოვახერხეთ, რომ დღის წესრიგში დამდგარიყო ეს საკითხი და რა ვალდებულება აქვს ქვეყანას, ამას გაეროს ყველაზე დიდი სააგენტო იტყვის. ჩვენი სათავო ოფისი ყველა ძალისხმევას მიმართავს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ სამართალი დადგეს და პარლამენტს ნათლად დაინახონ, რომ ამ კანონს საჯარო მოხელეთა შესახებ კონვენციასთან და ვალდებულებასთან შეუსაბამობა აქვს.
რაც შეეხება თავად ადამიანთა მომართვიანობას რეორგანიზაციის მიზეზით არ გვაქვს, რადგან დღეს ამ კანონით დავას აზრი აღარ აქვს. ადრე თუ გვქონდა აღდგენა და კომპენსაცია, დღეს ეს აღარაა. არადა შრომით დავებზე კარგი შედეგი გვქონდა.’
მინდა ვუთხრა სახელმწიფოს, რომ უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანები არსად გაქრებიან. ის გროვდება და საბოლოოდ ამ ქვეყნისთვის, მისი მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ მის მიერ რატიფიცირებული კონვენციებს პატივი სცეს, რადგან ამის მიხედვით დგება კანონმდებლობა“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.