ღვინის ექსპორტის შემცირება, შესაძლოა, წელს ყურძნის ფასზე აისახოს. ღვინის მწარმოებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ექსპორტში კლებას განსაკუთრებული გავლენა შესაძლოა, წითელი ყურძნის ჩასაბარებელ ფასზე ჰქონდეს.

2025 წელი ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის ექსპორტის კლებით დაიწყო. ოფიციალური სტატისტიკით, წელს, 4 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 71.5 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც 43%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე.

ქართული ღვინის ექსპორტი

2025 წლის იანვარ-აპრილი 71.534 მლნ დოლარი / 23 895 ტონა

2024 წლის იანვარ-აპრილი 126.155 მლნ დოლარი/45 098 ტონა

წყარო: საქსტატი

განსაკუთრებული კლებაა რუსეთის მიმართულებით. ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარზე წელს 40.4 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, ეს კი წლიურ ჭრილში 60%-იანი კლებაა. ექსპორტის ასეთი მკვეთრ ვარდნას ორი ფაქტორი განაპირობებს: გასული წლის გაზაფხულზე, რუსეთში აქციზის ზრდის მოლოდინში წინასწარი შესყიდვების მაღალი მაჩვენებელი და აქციზის გასამმაგებით გაძვირებულ ღვინოზე მოთხოვნის კლება.

კომპანია “ასკანელის” დირექტორი ირაკლი უგლავა “საქმის კურსთან” ამბობს, რომ აქციზის გასამმაგებამ მაღაზიებში 1 ბოთლი ქართული ღვინო 1-1.5 დოლარით გააძვირა.

“ახლა სტაბილური შესყიდვები მიდის, ფასი თაროზე ასახულია, საგადასახადო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და მიაქვთ ეტაპობრივად. თუმცა სამწუხარო ის არის, რომ გასულ წელს აქციზის გასამმაგებამ მაღაზიებში ქართული ღვინის გასაყიდი ფასი დაახლოებით 1 დოლარიდან 1.5 დოლარამდე გაზარდა. შედეგი რეალიზაციის კლება, რაც ჩემი ინფორმაციით, 15%-17%-ის ფარგლებშია”, – ამბობს ირაკლი უგლავა.

“ასკანელის” დირექტორი აღნიშნავს, რომ მათი კომპანია დანაკლისის კომპენსირებას სხვა ბაზრებით ცდილობს, თუმცა ქართული ღვინისთვის რუსეთის სხვა ქვეყნებით ჩანაცვლება ამ ეტაპზე ვერ ხდება.

“ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ ვთქვათ, გაცილებით აქტიურები გავხდით სხვა ბაზრებზე, მაგალითად, დიდი ზრდა გვაქვს ჩინეთის მიმართულებით, თუმცა პრაქტიკულად ვერც ერთი ბაზარი დღეს რუსეთს ვერ ანაცვლებს. ჩვენი ღვინის ექსპორტის დაახლოებით 70% რუსეთის ბაზარზე მოდის. ეს ვითარება დარგზეც აისახება იმ კუთხით, რომ მოსალოდნელია წითელ ყურძენზე მოთხოვნის შემცირება და თუ სახელმწიფო არ ჩაერია, ყურძნის გასაყიდი ფასი ქვემოთ წამოვა. ეს არ ეხება თეთრ ყურძენს, მასზე მოთხოვნა შენარჩუნდება, რადგანაც მაღალი მოთხოვნაა სპირტიან სასმელებზე. ამ სექტორში მოხმარება გაზრდილია, გაყიდვები სტაბილურია და მცირედით იმატებს კიდეც. ამიტომ თეთრი ყურძნიდან ( რქაწითელი) ნაწილი წავა მაღალსპირტიანი სასმელების წარმოების კუთხით. თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ წითელ ყურძენზე დიდი მოთხოვნა არ იქნება, იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს გაყიდვებში გვაქვს სურათი ქართულ კომპანიებს”, – მიიჩნევს ირაკლი უგლავა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *