სახალხო დამცველი მიუთითებს როგორც მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი აღრიცხვის, ისე მათი დროული გამოძიების აუცილებლობაზე.
ანგარიშში მოყვანილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2024 წელს, მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 17 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რაც მოიცავდა, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. აქედან გამოძიება 1 საქმეზე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 5 საქმეში წარიმართა. საგულისხმოა, რომ დევნა არ დაწყებულა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების არცერთ შემთხვევაზე.
“შემაშფოთებელი იყო სამართალდამცველების მხრიდან ნაწილი ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათ საქმიანობაში ხელშეშლა და ცალკეულ შემთხვევაში ტექნიკის მიზანმიმართული დაზიანება 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროტესტის საპოლიციო მართვის დროს. გამოვლინდა ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფ მედიის წარმომადგენლებზე სასტიკი თავდასხმა ძალადობრივი ჯგუფის მხრიდანაც. ერთი მხრივ, სამართალდამცველების მიერ გამოხატული აშკარა და განმეორებითი აგრესია ჟურნალისტების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადო ეფექტიანი ზომების გაუტარებლობა უცნობი პირების ძალადობრივი ქმედებებისგან მედიის წარმომადგენლების დასაცავად, ქმნის დაუსჯელობის გარემოს, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ”, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ჟურნალისტური საქმიანობის გამოწვევებზე პარლამენტში მუშაობის დროს, სადაც მათი მუშაობა იზღუდება. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პარლამენტში რამდენჯერმე ამოქმედდა ე.წ. „უსაფრთხოების ყვითელი დონე“, რომლის მოქმედების პერიოდშიც, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებოდათ.