რა გეგმები აქვს და რა პროექტები დააფინანსა საქართველოს განვითარების ფონდმა – ინტერვიუ ბესიკ ბუგიანიშვილთან
საქართველოს განვითარების ფონდი (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც წარსულში ცნობილი იყო როგორც რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის მფლობელი ჰოლდინგური კომპანია, თუმცა ფონდმა რეფორმირება გაიარა და მას ჩამოსცილდა ისეთი კომპანიები, როგორიცაა “გაზის და ნავთობის კორპორაცია”, “საქართველოს რკინიგზა”, “სახელმწიფო ელექტროსისტემა” და “ესკო”. რეფორმირების პროცესის გავლის და სახელის ცვლილების შემდეგ ფონდი ამჟამად ფოკუსირებულია ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებით დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვაზე.
საპარტნიორო ფონდს ახალი პროექტების დაფინანსება სავალუტო ფონდის პროგრამით ჰქონდა შეზღუდული, რადგანაც IMF-ი ფონდის საქმიანობაში ფისკალურ რისკებს ხედავდა; თუმცა ფონდის შესახებ ახალი კანონის მიღების, რეფორმირების პროცესის გაცვლის, მსხვილი კორპორაციების ფონდიდან გასვლის და სახელის ცვლილების შემდეგ ფონდში მიიჩნევენ, რომ წარსულში IMF-ის პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვა მათზე უკვე აღარ ვრცელდება, რისი გათვალისწინებითაც, 2024 წელს ფონდმა საინვესტიციო საქმიანობა განაახლა და სამი ახალი პროექტი დააფინანსა. ამ პროექტებში ფონდის თანამონაწილეობა 10 მილიონი დოლარია.
BMG ამ პროექტების და საინვესტიციო გეგმების შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” გენერალურ დირექტორს – ბესიკ ბუგიანიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, რეფორმირებული ფონდი თითოეული პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას საკმაოდ დიდი სიფრთხილით გადის შეფასების პროცესს და დაფინანსებას მხოლოდ მაშინ გასცემს თუკი პროექტი სრულიად შეესაბამება ფონდის შესახებ კანონით გათვალისწინებულ მიზნებს. ბესიკ ბუგიანიშვილის განმარტებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ პროექტებზე, რომლებიც რეგიონული განვითარების და ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვის მიზნებს პასუხობენ. ფონდის დაფინანსების მექანიზმები რამდენიმე კატეგორიად იყოფა, წილობრივი მონაწილეობა, უპირატესი სესხით დაფინანსება, სუბორდინირებული კრედიტები, მეზანინ დაფინანსება, სინდიცირებული სესხი და გარანტია.
სასტუმრო “აღობილი ჰილტონი” აბასთუმანში – ფონდის თანამონაწილეობა $3 მლნ, სრული ღირებულება $30 მლნ
“2024 წელს პირველი პროექტი იყო აბასთუმანში სასტუმრო “ჰილტონის” პროექტი, რაც ზედმიწევნით კარგად ჯდება ჩვენს პრიორიტეტებში, რადგანაც რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. თუკი ტურიზმის სექტორზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის საინტერესოა რეგიონები და არა დიდი ქალაქები. დიდ ქალაქებში სასტუმრო კომპლექსები ბანკების დახმარებით ბრწყინვალედ ვითარდება, მაგრამ რაც შეეხება რეგიონებს, სადაც მანამდე არ იყო ეს სივრცე ათვისებული, რაც მისცემდა საკმაოდ დიდ ბიძგს რეგიონის განვითარებას, მე ვფიქრობ, რომ აბასთუმანი სწორედ ამ მიზნის წარმომადგენელია. ჩვენ ვმონაწილეობთ ამ პროექტში და დაფინანსებაში ასევე არის საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი. პროექტი მიმდინარეობს და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”, – აღნიშნავს ბესიკ ბუგიანიშვილი.
ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა – პროექტის სრული ღირებულება $600 მლნ; პირველი ფაზის ღირებულება 110 მლნ და ფონდის თანამონაწილეობა – $5 მლნ
“ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს საკმაოდ უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ეს საკმაოდ რთული პროექტი იყო და საფინანსო წრეებშიც არ იყო გამოცდილება ასეთი პროექტის შეფასების, რადგან მსგავსი პროექტი ქვეყანაში არ განხორციელებულა. დიდი დროის რესურსი დაგვჭირდა გადაწყვეტილების მიღებაზე. ვიმუშავეთ კომერციულ ბანკებთან ერთად და მოხდა სინდიცირებული სესხის სახით დაფინანსების გამოყოფა და ფონდის რისკებსაც ეს კარგად აზღვევს. ფონდის მონაწილეობა დიდი არაა, მაგრამ ჩვენთვის იყო თავად მნიშვნელოვანი რომ ჩართული ვყოფილიყავით ამ პროექტში.
პროექტი ნავთობპროდუქტების თვალსაზრისით ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობას მიანიჭებს. საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც მეტი ბერკეტები უჩნდება სახელმწიფოს, ასევე აუმჯობესებს კონკურენციას, რადგან თუ იმპორტიორებს მოუნდებათ კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივი წარმოების საწვავს, მათ შეეძლებათ უფრო იაფი წყაროები მოიძიონ საწვავის. ამასთან, ამ პროდუქტს საექსპორტო პოტენციალი ყოველთვის აქვს, ამასთან როგორც ვიცი საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო რომელსაც არ გააჩნდა ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა.
როგორც ვიცით, პირველი ფაზა ამ პროექტის ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს და შემოდგომაზე ველით პირველ პროდუქციას. თუმცა ეს პროდუქცია იქნება პირველადი გადამუშავების, რაც ნიშნავს, რომ ის შემდეგ კიდევ მოითხოვს გადამუშავებას და ის ექსპორტზე გავა საბოლოო დამუშავებისთვის. შესაბამისად, პირველი ფაზის ფარგლებში ევრო ხარისხის დიზელი და ბენზინი არ იწარმოება, თუმცა ეტაპობრივად შეემატება ამ ქარხანას ყველა შესაძლებლობა. ეს დამოკიდებულია მშენებლობის ტემპებზე”, – აღნიშნავს ბუგიანიშვილი.
რადიოფარმაცევტული საწარმო თბილისში, “ნოვატექ ინტერნეიშენალი” – პროექტის ღირებულება 9.2 მილიონი ევრო, ფონდის მონაწილეობა – 1.8 მილიონი ევრო
“რადიოაქტიური ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება საქართველოში დღემდე არ ყოფილა და სრულად იმპორტდამოკიდებული ვიყავით ან პაციენტები უცხოეთში მიდიოდნენ სადიაგნოსტიკოდ. ახალი საწარმო გამოუშვებს PET-CT-ის რადიო სადიაგნოსტიკო პრეპარატებს. მედიკამენტს აქვს ის თავისებურება, რომ მისი დიდხანს შენახვა არ შეიძლება – მხოლოდ საათები. ეს პროექტი ჩვენთან შემოვიდა გასულ წელს, მასზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ, მას ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან ერთად ვაფინანსებთ. კარგად გავიცანით გუნდი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და როდესაც ბიზნესის მხარეს ჩავხედეთ იქ მხოლოდ კომერციული ნაწილი აღარ დაგვინახავს. კომერციული ნაწილი კარგი და საინტერესო აქვს, მაგრამ ამ პროექტს შესანიშნავი სოციალური გავლენაც აქვს. 2026 წელს იგეგმება გახსნა, მას საკმაოდ რთული ტექნიკური ნაწილი აქვს, რადგანაც ბელგიური წარმოების ციკლოტრონით ხდება წარმოება. მსოფლიოს სულ სამი კომპანია აწარმოებს ასეთ ციკლოტრონებს და ჩვენს პარტნიორს აქვს სწორედ ასეთ ბელგიურ კომპანიასთან პარტნიორობა.
იმისთვის, რომ ამ ქარხანამ დაიწყოს საქმიანობა, ამისთვის საჭიროა IAEA-ს ანუ საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს უსაფრთხოების ნებართვა. მშენებლობა გრძელდება, პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც და ყველანი მოველით მის გახსნას”, – აცხადებს ბესიკ ბუგიანიშვილი.
ახალმა ქარხანამ სიმსივნის სადიაგნოსტიკო მედიკამენტი PET-CT უნდა დაამაზადოს, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენისთვის გამოიყენება.
რას გეგმავს ფონდი კაპიტალის მოსაზიდად?
თავად საქართველოს განვითარების ფონდი ამჟამად ახალი კაპიტალის მოზიდვას ცდილობს. ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, ეს არ იქნება საბანკო კრედიტის მსგავსი, რომლითაც წარსულში ფონდი სარგებლობდა, რადგანაც 2015 წელს ფონდმა Credit Suisse-ისგან 150 მილიონი დოლარის სასესხო ვალდებულება აიღო, რომელიც შემდგომში დაფარა. მსგავსი კომერციული სესხებით სარგებლობას ფონდი აღარ გეგმავს. ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, ისინი ესაუბრებიან ისეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც განვითარებაზე არიან ორიენტირებული. განიხილება ფონდის მიერ არა საკუთარი სახელით სესხის აღება, არამედ უშუალოდ კონკრეტული პროექტებისთვის დაფინანსების პარტნიორად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შემოყვანა. თუმცა, ერთ-ერთი სირთულე, რასაც ისინი აწყდებიან უკავშირდება ამ ორგანიზაციების დაფინანსების მინიმალურ ზღვარს, ამიტომაც ბესიკ ბუგიანიშვილის თქმით, განიხილება რამდენიმე მსგავსი პროექტის ერთ პაკეტად გაერთიანება, რათა სწორედ მათთვის წამოიღოს ფონდმა დაფინანსება. საორიენტაციო მოცულობა, რომლის მოზიდვაც ფონდს სურს დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.
“აქტიური მუშაობა მიდის, რომ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან დაფინანსება მოვიზიდოთ. საუბარი არაა, რომ ჩვენ რაღაც სესხი წამოვიღოთ და ის შემდეგ ბიზნესებზე გავცეთ, აქ საუბარია იმაზე, რომ განვითარების პარტნიორებთან პროექტები შევკრათ და ამ პროექტებში ერთად მივიღოთ მონაწილეობა.
დაფინანსებისთვის მინიმალური ზღვარი აქვთ საკმაოდ დიდი. ჩვენ გვინდა, თანხა კონკრეტული პროექტებისთვის და ვცდილობთ გავაერთიანოთ კონკრეტული პროექტები, ამით მასშტაბი გავზარდოთ და ასე მოვახდინოთ ამ პროექტებისთვის თანხების მოზიდვა.
EBRD-ის ფორუმზე ვიყავი და იქ დამისვეს კითხვა – რატომ არ ვართ ჩვენ მათი კონკურენტები, მე კი ვუპასუხე, რომ როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მათი კონკურენტები, როდესაც ისინიც და ჩვენც ვდგავართ ერთნაირ ღირებულებებზე. ჩვენ კონკურენტი კი არა, პარტნიორები უნდა ვიყოთ. ცხადია, EBRD-ს აქვს თავისი მასშტაბები და მექანიზმები დაფინანსების. ჩვენ ახლა ვამზადებთ პროექტებს დაფინანსებისთვის, რომელსაც შევთავაზებთ ამ ორგანიზაციებს ძალიან ღიად და გამჭვირვალედ. გაგვიხარდება, რაც უფრო მეტი მონაწილე ეყოლება ჩვენ პროექტებს, წარმატებასაც გავინაწილებთ და სარგებელსაც ერთად მივიღებთ.
50 მილიონი დოლარი არის ის საორიენტაციო რიცხვი, რაც სასურველია რომ იყოს. თუმცა ეს დამოკიდებულია პროექტებზე. ამასთან, შესაძლოა, რომელიმე ბიზნესმა მოიტანოს რომელიმე მსხვილი პროექტი, რომლის მთლიანი ღირებულებაც $50 მილიონია და ჩვენ შეგვიძლია, რომ შევიდეთ ⅓-ის ოდენობით, თუმცა ჩვენი მწირი რესურსების გათვალისწინებით გვირჩევნია რომ ბევრ პროექტზე გავანაწილოთ ჩვენი დაფინანსება და 15 მილიონი დოლარის ერთ პროექტში ჩადებას სხვა ვამჯობინოთ; მაგრამ თუკი იმ 15 მილიონში არის ჩვენი მონაწილეობაც, EBRD-ის მონაწილეობაც, ან მაგალითად იტალიის განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობა ეს ჩვენ ძალიან გაგვიხარდება და მიმაჩნია, რომ ეს მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც, თუკი კომერციული ბანკებიც მონაწილეობენ ამ პროექტში მგონი იდეალურ სურათს ვიღებთ”, – აცხადებს ბესიკ ბუგიანიშვილი.
რას გეგმავს ფონდი თავისი საინვესტიციო ქონების ათვისებისთვის?
საქართველოს განვითარების ფონდი დაინტერესებულ ინვესტორებს პროექტებში ფინანსური თანამონაწილეობის გარდა სთავაზობს უძრავი ქონებით მონაწილეობასაც. ფონდს ქვეყნის მასშტაბით არაერთი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის, მათ შორის თბილისში, ქობულეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში. ფონდი მზადაა თუკი მას შესთავაზებენ ისეთ ბიზნესპროექტს, რაც ფონდის მიზნებთან არის თანხვედრაში, შევიდეს პროექტში საკუთარი უძრავი ქონებით და ამ სახით მიიღოს მონაწილეობა.
“ის, რომ ჩვენ დავიწყოთ მიწების გაყიდვა, ეს არ იქნება. ეს არც წარსულში მომხდარა და არც მომავალში იგეგმება. ჩვენ ამჟამად გვაქვს კონკრეტულ ლოკაციებზე ძალიან საინტერესო მოლაპარაკებები, რაზედაც ვმუშაობთ. თუკი წარმოდგენილია ისეთი პროექტი, რომელიც არ პასუხობს ჩვენს პრიორიტეტებს ამაზე პირდაპირ ვეუბნებით ინვესტორს, არც ჩვენ დროს ვხარჯავთ და არც ინვესტორის. თუკი კერძო სექტორს სურს ჩვენს საინვესტიციო ქონებაზე პროექტის განხორციელება და ეს პასუხობს ჩვენს პრიორიტეტებს, ჩვენ შეგვიძლია ზუსტად საინვესტიციო ქონებით შევიდეთ ამ პროექტში. ის რომ შეგვიძლია კაპიტალში მივიღოთ მონაწილეობა, ეს ჩვენს საინვესტიციო ინსტრუმენტებს საკმაოდ კარგ მიმზიდველობას სძენს.
გვაქვს უპირატესი სესხის დაფინანსება, გვაქვს სუბორდინირებული სესხის ინსტრუმენტი, გვაქვს კაპიტალში მონაწილეობა, ასევე ვთავაზობთ სინდიცირებულ სესხს და მეზანინურ დაფინანსებას. ასევე დავიწყეთ სხვადასხვა ქვეყნების სადაზღვევო სააგენტოებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახდენენ იმ ქვეყნების ექსპორტის დაზღვევას და ესეც საკმაოდ საინტერესოა.
ჩვენი მიზანია, რომ თავიდანვე განვსაზღვროთ პროექტიდან გამოსვლის სტრატეგია. კანონის ჩარჩოთიც არის ეს პირობები და ვადები რაც არის 5-დან 7 წლამდე. ეს დრო სავსებით საკმარისია, რომ ჩვენ დავინახოთ რომ ბიზნესი ვითარდება, ფეხზე დგება და აქვს პოტენციალი. ჩვენ პარტნიორს ჩვენი შესვლიდან მეორე დღესვე აქვს გამოსყიდვის უფლება, თუმცა როდესაც უკვე ვადა იწურება ჩვენ გვაქვს უკვე უფლება, რომ მოვითხოვოთ ჩვენი გაყვანა. ძირითადად ჩვენი გასვლა ხდებოდა საბანკო სესხით რეფინანსირების გზით.
რაც შეეხება გენერირებულ ფინანსურ რესურსებს, ჩვენ ამ რესურსებს მივმართავთ ახალი პროექტების დაფინანსებაზე”, – აღნიშნავს ბესიკ ბუგიანიშვილი.