ბოლო ერთ წელიწადში ელექტრონული ფორმით, 6 მილიონზე მეტი საგადასახადო დეკლარაცია და 59 მილიონზე მეტი დღგ-ის ანგარიშფაქტურის ატვირთვა განხორციელდა – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შემოსავლების სამსახური იტყობინება, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელზე, ლევან კაკავამ ეფექტური საგადასახადო და საბაჟო სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უწყების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.

“შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო წლებში გატარებული წარმატებული რეფორმები, მიზნად ისახავს კანონშესაბამისობის მართვის რისკზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას და ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულებების კიდევ უფრო გამარტივებას. ამასთან, სერვისების გაციფრულების ფარგლებში, უწყება ერთ-ერთი ლიდერია ინოვაციების მიმართულებით. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ელექტრონული ფორმით, 6 მილიონზე მეტი საგადასახადო დეკლარაცია და 59 მილიონზე მეტი დღგ-ის ანგარიშფაქტურის ატვირთვა განხორციელდა. რაც შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს გადამხდელთა დრო და რესურსი“, – განაცხადა ლევან კაკავამ.

აღნიშნული პანელის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მონაწილეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საბაჟო სისტემის გაციფრულების/ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მისი თქმით საბაჟო ადმინისტრაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მიერ, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში და შეუძლებელია თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა მშვიდობის გარეშე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *