“გამოსახლების საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დეტალური მეთოდოლოგიის შესაბამისად არ ხდება”, – ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებულად სენსიტიურია სხვისი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეები, რომლებიც ითვალისწინებს უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას, რადგან სხვადასხვა მიზეზთან ერთად, დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

ამასთან, გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის N7 ზოგადი ომენტარის მიხედვით, გამოსახლება არ უნდა აღესრულებოდეს ცუდ ამინდში და ღამით, თუ არ არსებობს მევალის თანხმობა. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის მიხედვით, უნდა გამოიყენებოდეს ღამით და ზამთარში იძულებითი გამოსახლების აკრძალვა. ფაქტობრივად კი, ზოგიერთ შემთხვევაში ზამთარში ხდება გამოსახლება.

გამოსახლების პროცესი ბუნებრივად უკავშირდება მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, იმ პირებს, რომელთაც საცხოვრებლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ამჟამად არ არსებობს ერთიანი სტატისტიკური მონაცემები უსახლკარობისა და საცხოვრისის პოლიტიკის სფეროში.

გამოსახლების საქმეებზე ასევე არ ხდება სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დეტალური მეთოდოლოგიის შესაბამისად.

რა დაევალა ბიუროს?

ბიუროს დაევალა საცხოვრისიდან გამოსახლების საქმეებზე სტატისტიკის წარმოების დეტალური და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შექმნა. მოსალოდნელ შედეგად განისაზღვრა, რომ მეთოდოლოგია გაითვალისწინებს წარმოებაში არსებულ/ აღსრულებულ საქმეებში: უძრავი ნივთის დანიშნულებასა და აღსრულების სახეს უძრავ ნივთზე მფლობელობის ტიპს, გადაწყვეტილებაში მოვალედ მითითებული პირებისა და შინამეურნეობების შესახებ ინფორმაციას.

ბიუროს მეთოდოლოგია უნდა შეემუშავებინა 2024 წლის მე-4 კვარტალში, რათა აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ამავე პერიოდში დაეწყო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. აღნიშნული პერიოდისთვის, მეთოდოლოგიის მომზადება ბიურომ ვერ შეძლო, თუმცა აუდიტის თანახმად, მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *