თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მომავალ წლებში კლებას არ ელის და ამბობს, რომ მათ შორის დედაქალაქში კიდევ რჩება საკმარისი არეალები იმისთვის, რომ დეველოპერული პროექტები განხორციელდეს.
“ბოლო წლებში მშენებლობის ნებართვების გაცემის კუთხით რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ჯამური კვადრატულობა არის პირიქით მომატებული, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. ერთი, რომ მასშტაბური პროექტები ხორციელდება თბილისში და მეორე, რომ ამას დაემთხვა ამ ბოლო წლებში რამდენიმე აქტიური პროგრამა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
პირველი ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით ჩაშვებული პროგრამა, რომელიც აქტიურ ფაზაში ბოლო წლებში შევიდა და ასევე დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების კუთხით ჩვენ გარკვეული ქმედებები განვახორციელეთ. გაცემული ნებართვების ჭრილში, არ ველოდები შემცირებას შემდეგ წლებში, რადგან ტენდენცია არის მზარდი მცირედით.
არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დედაქალაქში მწირი მიწის ფონდია დეველოპერებისთვის. ძალიან დიდი რესურსი არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით და იმ უბნების განვითარების კუთხით, რომელიც არის დაბალი განაშენიანების, ბარაკული ტიპის. ასევე ძალიან დიდი რესურსი არის ძველი საწარმოო ტერიტორიების განვითარების კუთხით, შესაბამისად სწორი ქალაქგეგმარებითი პრინციპებით განვითარება საშუალებას მოგვცემს, რომ ეს რესურსები გამოყენებულ იქნეს მათ შორის კერძო სექტორის მხრიდან“,-აცხადებს ბოლოთაშვილი.