განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა. უწყების განმარტებით, “სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო” და ამით ინკლუზიური განვითარების სამმართველოს “მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა”. “საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაცნობებთ — გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს. სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. აქვე მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას,” — ვკითხულობთ განცხადებაში. უწყების ოფიციალურ განცხადებამდე, ინფორმაცია ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმებაზე, ინკლუზიისა და ადრეული განათლების სპეციალისტმა, ცირა ბარქაიამ გაავრცელა. მისი განცხადებით, ინკლუზიური განათლება არ არის საკმარისად განვითარებული და მას სპეციალური სტრუქტურა სჭირდება და დასძინა, რომ “სტრუქტურა, იცავდა იმ ბავშვებს და მასწავლებლებს, ვისაც ყველაზე ხშირად არ უსმენენ”. “გუშინ გვიან ღამე ოფიციალურად შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტროში გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. ეს ე.წ. რეორგანიზაციის ნაწილია — რეალურად კი ძალაუფლების კონცენტრაციის, პასუხისმგებლობის გაქრობის და პროფესიონალების სისტემიდან განდევნის მექანიზმი.ცხადია, სამმართველოს გაუქმება არ ნიშნავს სისტემურ წარმატებას. ინკლუზია არ გაძლიერებულა ისე, რომ მის მხარდაჭერას აღარ სჭირდება სპეციალური სტრუქტურა. პირიქით — ეს ნიშნავს, რომ ინკლუზია აღარც პრიორიტეტია და აღარც მინიმალური ვალდებულება. ვისაც ამ სფეროში ოდესმე უმუშავია, იცის: ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ბერკეტი, რომელიც პროფესიაზე, ადამიანებზე, შედეგზე ორიენტირებული მუშაობის საშუალებას გვაძლევდა — წინააღმდეგობების მიუხედავად. ახლა კი გაუქმდა სტრუქტურა, რომელიც იცავდა იმ ბავშვებს და მასწავლებლებს, ვისაც ყველაზე ხშირად არ უსმენენ. 2007 წელს ამ გზას როცა დავადექი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2025-ში ისევ თავიდან მოგვიწევდა ახსნა, რატომ სჭირდება ქვეყანას ინკლუზიური განათლების ინსტიტუციური მხარდაჭერა,” — ვკითხულობთ განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *