9 აპრილის ღამეს მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტის წინ გაათენა. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. მათ 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე – 9 აპრილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
რამდენიმე წუთის წინ 9 აპრილის მემორიალთან თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატია კონსტანტინე ზარნაძე მივიდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. დეპუტატმა ადგილი შეძახილების ფონზე დატოვა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.